Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნისტიის კანონის" გაფართოების მოთხოვნით ციხეებში რამდენიმე პატიმარი შიმშილობს


"ამნისტიის კანონის" გაფართოების მოთხოვნით რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობენ. ინფორმაციას ადასტურებენ პენიტენციურ სამსახურშიც.

უწყების ინფორმაციით, შიმშილობა გუშინ, 7 იანვარს დაიწყო ბათუმის #3 დაწესებულების სამმა კაცმა პატიმარმა. გარდა ამისა, შიმშილობს ქალთა #5 დაწესებულებაში 5 პატიმარი.

"ცოტა გაუგებარია ქალი პატიმრების მიერ შიმშილობის გამოცხადება ამნისტიასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა მოშიმშილეთაგან სამს ეხება ამნისტია (არსებული პროექტის შესაბამისად)", - აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

ციხეში შიმშილობის დაწყების პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისში. აქციის მონაწილეები პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ. მათი მოთხოვნაა, ამნისტია პედოფილიისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების გარდა ყველას შეეხოს და მათ სასჯელის მეოთხედი ჩამოაკლდეთ.

ახალშექმნილმა პარლამენტმა მუშაობის დაწყებიდან პირველივე დღეებში დააანონსა, რომ მიიღებდა "ამნისტიის კანონს", რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 45-მდე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე გავრცელდებოდა, მათ შორის, უვადო პატიმრებზეც. ამნისტია იმ პირებზე გავრცელდება, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

კანონპროექტი იძლევა შესაძლებლობას, ამნისტიით გაათავისუფლოს პირი როგორც დანაშაულის მისჯის შემდეგ, ასევე, სასამართლო განხილვების ეტაპზე ან ბრალის წარდგენის შემდეგ.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს კანონპროექტი ნამდვილად არ შეეხება იმ ხუთ პირს, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. შესაბამისად, "მთავარი არხის" მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩება, ასევე პატიმრობა ემუქრებათ "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებულ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილსა და "ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზეწოლის საქმეზე" დაკავებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG