Accessibility links

site logo site logo

რაჭაში ყველა ხანძრის ჩაქრობის შესახებ იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამბროლაურში - სოფელ აბარსა და ონში - სოფლების, ონჭევისა და წოლას მიმართულებით, ხანძარი ჩამქრალია. უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ მიმართულებით მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კი ხანძრის ოთხი კერაა დარჩენილი, მათგან სამი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ერთზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლოკალიზებულია წალენჯიხაში, სოფელ სქურში არსებულ ორ კერასა და სოფელ ფახულანში. ხოლო, სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

შიდა ქართლში, ასევე, ლოკალიზებულია ხანძარი. კასპში, რკონის ხეობაში წყლის მაგისტრალები მიყვანილია ხანძრის კერებამდე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

სამსახურის ცნობით, 500 მეხანძრე-მაშველი დარჩენილ კერებს სრულად აკონტროლებს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება აღნიშნული კერების მონიტორინგი, აქტიური სამუშაოები კი გათენებისთანავე განახლდება. მოსახლეობას საფრთხე არც ერთ კერაზე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში არავინ დაშავებულა.

4 იანვრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძრის 265 შემთხვევა აღრიცხეს, საიდანაც 255 ჩამქრალია, ოთხი კი ლოკალიზებული.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების ჩაქრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG