Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

New York Times-ი: დონალდ ტრამპი განიხილავს საკუთარი თავის შეწყალების შესაძლებლობებს


როგორც New York Times-ი იტყობინება საქმეში ჩახედულ ორ წყაროზე დაყრდნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მრჩევლებთან ერთად განიხილავს „საკუთარი თავის შეწყალების“ შესაძლებლობებს.

ამ საკითხში ტრამპი ვარაუდობს, რომ მისმა „სავარაუდო მტრებმა“ შესაძლოა მისი სასამართლოს გზით დევნა დაიწყონ მისი საპრეზიდენტო მანდატის დასრულების შემდეგ, ნათქვამია 8 იანვრის პუბლიკაციაში.

თვითშეწყალება შეეხება იმ შესაძლო დანაშაულებებს, რომელიც მას შეიძლება ჩადენილი ჰქონდეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

იურიდიული თვალსაზრისით, ასეთი საქციელი უპრეცედენტო იქნებოდა, ვინაიდან ჯერჯერობით აშშ-ის არცერთ ყოფილ პრეზიდენტს არ გამოუცია ბრძანება საკუთარი თავის შეწყალების შესახებ. New York Times-ის თანახმად, თუკი ასეთი პრეცედენტი შეიქმნება, ეს დაამკვიდრებს ნორმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი თავს კანონზე მაღლა აყენებს.

როგორც New York Times-ის წყაროები იტყობინებიან, ტრამპი თავისი უახლოესი წრიდან მთელი რიგი პირების შეწყალების საკითხს განიხილავს. მათ შორის არიან მისი სამი ზრდასრული შვილი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი და პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი. პრეზიდენტმა საკუთარ მრჩევლებთან გამოხატა შეშფოთება, რომ ბაიდენის პრეზიდენტობისას იუსტიციის სამინსიტრომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ გამოძიება წამოიწყოს.

ტრამპმა წინასწარი შეწყალება შესთავაზა ასევე თავის რამდენიმე მრჩეველს და ადმინისტრაციის წევრებს. მაგრამ ბევრმა მათგანმა უარი თქვა, ვინაიდან ეს ადამიანები შიშობენ, რომ პრეზიდეტისგან შეწყალების მიღების შემთხვევაში ეს მათ მიერ დანაშაულის აღიარებად შეიძლება იქნეს მიჩნეული, იტყობინებიან New York Times-ის წყაროები.

აშშ-ის კანონებით, პრეზიდენტის შეწყალება მხოლოდ ფედერალურ კანონებს ეხება და ბრალდებულს არ იცავს შტატების კანონებისგან.

იურიდიული მრჩევლები ტრამპს ურჩევენ, თავი შეიკავოს თვითშეწყალებისგან, რაც შეიძლება მისთვის პოლიტიკურად ზიანის მომტანი იყოს, ვინაიდან ჩაითვლებოდა, რომ ის აღიარებს ამა თუ იმ დანაშაულს.

პუბლიკაციის თანახმად, ტრამპის თვითშეწყალების გეგმები პრობლემებს უქმნის ბაიდენის ადმინისტრაციას.

„ბაიდენის იუსტიციის სამინისტროს არ მოუნდება შეგუება ტრამპის თვითშეწყალებასთან, რაც გულისხმობს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი მნიშვნელობით ფედერალურ კანონზე მაღლა აყენებს თავს,“ განუცხადა New York Times-ს ჰარვარდის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის პროფესორმა, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა იუსტიციის სამინსტროში მუშაობდა ჯორჯ ბუშის მთავრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG