Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საარჩევნო აქტივისტზე თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის მქონე სამი პირი დააკავეს


ავტომანქანა ქაბულში ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ, 28 დეკემბერი, 2020 წელი.
ავტომანქანა ქაბულში ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ, 28 დეკემბერი, 2020 წელი.

ავღანეთში დაპატიმრეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ცნობილი საარჩევნო აქტივისტის მკვლელობასთან კავშირში. იუსუფ რაშიდის თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის ქონის გამო დაკავებული სამი პირის არც ვინაობა და არც რომელიმე დაჯგუფებაში მათი წევრობა არ უხსენებია პოლიციის წარმომადგენელს, ფარდოუს ფარამარზს, რომელმაც ცნობა გაავრცელა.

რაშიდი, რომელიც ხელმძღვანელობდა ავღანეთის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ფორუმს, 23 დეკემბერს მოკლეს უცნობმა პირებმა, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს მის მანქანას ქაბულში.

რაშიდზე თავდასხმა მოხდა, როცა ის მიემგზავრებოდა მშვიდობის დამცველთა გაერთიანების დამფუძნებელ შეხვედრაზე. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ უკისრია.

ეს იყო ერთ-ერთი იმ თავდასხმებიდან, რომლებიც მოხდა ავღანეთში ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე, და რომლებიც დაგმეს გაერომ, ავღანეთისა და უცხოეთის ქვეყნების პოლიტიკოსებმა.

ავღანეთში თავდასხმები არ წყდება მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებისა ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანიც ქვეყანაში 20-წლიანი ომის დასრულებაა.

6 იანვარს ყატარში გაიმართა წინასწარი შეხვედრა, რითაც 20-დღიანი შესვენების შემდეგ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG