Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში 11 იანვარს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან  


ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი ვიდეოშეხვედრისას ხელს აწერენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 9 ნოემბერი, 2020 წელი.
ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი ვიდეოშეხვედრისას ხელს აწერენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 9 ნოემბერი, 2020 წელი.

მოსკოვში 11 იანვარს სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართება რუსეთის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებას ეყრდნობა ცნობა, რომელიც გაავრცელა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა იმართება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით.

„განიხილება აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ლიდერების, 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების განხორციელება მთიანი ყარაბაღის გარშემო და იმსჯელებენ რეგიონში არსებული პრობლემების შემდგომი მოგვარების შესახებ“, წერია კრემლის განცხადებაში.

დაგეგმილია ასევე ვლადიმირ პუტინის პირისპირ შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევთან.

რამდენიმეკვირიანი ომის შემდეგ, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით ბაქომ და ერევანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიაა, რომელიც სომხური უმრავლესობის მიერ 1990-იანი წლებიდან კონტროლდებოდა.

ნოემბრის შეთანხმებით, რომელიც აზერბაიჯანის არმიის წარმატებას მოჰყვა და მან ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი დაამყარა, რეგიონში განთავსდა რუსეთის სამშვიდობო ძალა. რუსეთმა და თურქეთმა მოილაპარაკეს ზავის პირობების დაცვის სამეთვალყურეო ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG