Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატები გამოაქვეყნებენ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის მუხლებს


ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმთან. 2021 წლის 6 იანვარი
ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმთან. 2021 წლის 6 იანვარი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები დღეს გამოაქვეყნებენ მუხლებს, რომელთა საფუძველზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის უნდობლობის გამოცხადება სურთ.

კონგრესმენი ტედ ლიუ ტვიტერზე წერს, რომ იმპიჩმენტს მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის 195 წევრი. დემოკრატები დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ ამბოხებისკენ წაქეზებაში.

უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 6 იანვარს, ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში. 2021 წლის 6 იანვარი
ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში. 2021 წლის 6 იანვარი

დემოკრატები მიიჩნევენ, კაპიტოლიუმში შეჭრა იყო პირდაპირი შედეგი ტრამპის მორიგი განცხადებისა, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგს არ აღიარებს.

6 იანვარს, კაპიტოლიუმზე იერიშის დროს დონალდ ტრამპმა ტვიტერზე მხოლოდ ის დაწერა, რომ პოლიციის მიმართ ძალადობა არ დაეშვათ. პრეზიდენტმა მოგვიანებით დაგმო თავდასხმა და მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, ეს მოწოდება ტრამპმა გამოაქვეყნა თანაშემწეების მოთხოვნით. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტს გადაყენება და იურიდიული პასუხისმგებლობა ემუქრებოდა.

დემოკრატებს ტრამპისთვის უნდობლობის გამოცხადება სურდათ 2019 წელსაც. მას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, სენატში უმავლესობით მყოფმა რესპუბლიკელებმა პრეზიდენტი გაამართლეს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ამოეწურება 20 იანვარს, როცა ფიცს დადებს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრები ამ კვირაში აპირებენ იმპიჩმენტის პროცედურის დასრულებას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას სენატის თანხმობა სჭირდება. ეს პროცედურა 20 იანვრამდე ვერ მოესწრება, თუმცა, პროცესის გაგრძელება შესაძლებელია 20 იანვრის შემდეგაც. თუ ტრამპის ქმედებას ხმათა 2/3-ით დაგმობენ, ის დაკარგავს ყოფილი პრეზიდენტებისთვის განკუთვნილ შეღავათებს, მათ შორის, პირად დაცვას და პენსიას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელები ამას მხარს დაუჭერენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG