Accessibility links

site logo site logo

ანრი ოხანაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: ეს არის სრულიად განსხვავებული, დემოკრატიული და მორალური სტანდარტი


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებულ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული ლიდერის თვისებებზე მეტყველებს.

„მას არასოდეს ჰქონია მიზნად დასახული პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა. არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს პოლიტიკაში. ავტოკრატიისკენ და ტირანიისკენ მომართული მიდგომაა, როდესაც ადამიანს აქვს ამბიცია, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც ჰქონდა 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებას და მათ ლიდერებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემულია“, – ამბობს პარლამენტარი. ის თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

„რაც შეეხება ჩემს შეფასებას, შემიძლია, გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მისი ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამას ჩვენი საზოგადოება კიდევ ეტაპობრივად შეაფასებს. ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის ის ნაბიჯი, რაც მან გადადგა. ეს არის სრულიად განსხვავებული, დემოკრატიული და მორალური სტანდარტი, რომ იყო ხელისუფლებაში და არ გქონდეს სწრაფვა ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენისკენ. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხარ, უარს ამბობ იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაც მას ეკავა. მას პარტიის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. წერილში დასმული საკითხები და ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხები ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რატომ ჩათვალა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდის იყო საჭირო გადაწყვეტილების მიღება. ეს საკითხი პერსონალურია. ეს არის საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას ყველა თვითონ იღებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება დღეს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და "ქართული ოცნების" მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG