Accessibility links

logo-print logo-print

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ახალი თავმჯდომარის ვინაობას უახლოეს დღეებში დაასახელებენ


პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება, თუ ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.

„ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ, ბუნებრივია, პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც ჩვენი წესდებით არის დადგენილი და, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გექნებათ მომდევნო დღეების განმავლობაში“, - უთხრა მედიას მამუკა მდინარაძემ.

ახალი თავმჯდომარე პარტიის ყრილობამ უნდა აირჩიოს. ყრილობის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მანამდე, პარტიის წესდებიდან გამომდინარე, თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს გენერალური მდივანი კახა კალაძე.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოაცხადა, რომ საბოლოოდ ტოვებს პარტიას და პოლიტიკას.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდის. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG