Accessibility links

logo-print logo-print

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო


პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, მხარი დაუჭირა ამნისტიის შესახებ კანონს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ნორმატიული აქტი შეეხება 70-ზე მეტს მუხლს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ამნისტია დაახლოებით 10 ათასზე მეტ პირს შეეხება.

მათ შორის, 1500-ს გადააჭარბებს პატიმართა რიცხვი, „რიცხვის დაკონკრეტება ჭირს, რაკიღა კონკრეტული პირობების დაკმაყოფილებაზე იქნება ეს დამოკიდებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 10 ათასამდე პრობაციონერს შეეხება შეღავათი. „მათ შორის, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს აღუდგებათ უფლებები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

რა შეეხება 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, 4 ათას გადააჭარბებს მათი რიცხვი, ვისაც ამნისტია შეეხება.

ამნისტია არ შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივ მუხლებს.

ამნისტია შეეხებათ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

წარმოდგენილი ვარიანტით ამნისტიის გამოცხადებას აპროტესტებენ სამოქალაქო სექტორის, პატიმართა ოჯახის წევრები და ზოგი პარტიის წარმომადგენლები. ისინი აქციებს მართავდნენ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამნისტიასთან დაკავშირებით 11 პატიმარი შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG