Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ


მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. 9 ოქტომბერი, 2012 წ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან და "ქართული ოცნებიდან" წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოებამ მისი "მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოიცვალა" და რომ მთავარი ბრძოლა "ამ ურჩხულისგან საქართველოს გასათავისუფლებად" წინაა.

"რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?! რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არა ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი?! რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!

ივანიშვილი იძახის, რომ თურმე სიღარიბე არის ობიექტური რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ...

- სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი დოლარი ამოაცალა ჯიბეებიდან - ბოლო 8 წლის განმავლობაში!

- პირდაპირი შედეგი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში და მთავარი მევახშე და ბანკირი საქართველოსი არის ივანიშვილი და ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს!

- ლარის კურსი დაეცა ორჯერ!

არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაყაროს საზღვარგარეთ! ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა, ოღონდ ხელისუფლებას თავის შნირებს კი არ გადასცემს, არამედ გადასცემს ქართულ ოპოზიციურ კოალიციას და ივანიშვილს მართლაც მოუხდება ქონების დაბრუნება, ოღონდ ქონების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, რომლის ძარცვის მეშვეობითაც მოიპოვა ეს ქონება!

ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ, ჩვენ არამხოლოდ არავინ არ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ განთავისუფლდება ამ ურჩხულისგან!" - ამ შინაარსის გამოხმაურებას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუკის პირად გვერდზე.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება დღეს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და "ქართული ოცნების" მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG