Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ებრძვის კორონავირუსის ახალ აფეთქებას


ჩინეთი ბოლო თვეებში კორონავირუსის ყველაზე სერიოზული აფეთქების წინაშეა, ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურების თქმით, დედაქალაქ პეკინთან ახლოს, ჰებეის პროვინციაში ინფექცია კიდევ ათობით ადამიანს დაუდასტურდა.

ვირუსის ახალი კერის შესახებ შეშფოთების ფონზე, ჩინეთმა პრაქტიკულად უგულებელყო 11 იანვარი, ერთი წლისთავი მას შემდეგ, რაც ვუჰანში კორონავირუსით პირველი გარდაცვალება აღირიცხა. ჩინეთის მედია ერთი წლის წინ აცხადებდა, რომ 61 წლის კაცი უცნობი ვირუსით დაიღუპა. ეს კაცი ნამყოფი იყო ვუჰანში მოქმედ ცხოველების ბაზარში, სადაც, არსებული ცნობებით, ვირუსის პირველი აფეთქება მოხდა, ჯერჯერობით კვლავაც დაუდგენელ ვითარებაში. გასული წლის დასაწყისში ვუჰანში კვირების განმავლობაში მოქმედებდა უმკაცრესი ლოკდაუნი, რის შედეგადაც ვირუსი იქ ფაქტობრივად დამარცხდა.

გლობალურად, კორონავირუსით ინფიცირების მონაცემი სულ მცირე 90 მილიონ ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 1,9 მილიონი ადამიანი. გავრცელებული ვარაუდით, გლობალური ინფიცირების და სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი ოფიციალურად აღრიცხულზე უფრო მაღალია.

ჩინეთს აკრიტიკებენ არასაკმარისი ძალისხმევის გამოჩენის გამო ვირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპზე, მათ შორის, ინფორმაციის გამტანთა გაჩუმების მცდელობის და დღეების განმავლობაში ინფორმაციის არგასაჯაროების გამო გასული წლის იანვარში. თუმცა ჩინეთში ვირუსი ფაქტობრივად დამარცხებული იყო, მაშინ როცა სხვა ქვეყნები ებრძოდნენ ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს. ჰუბეიში აღმოჩენილი ვირუსის ახალი კერა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ჩინეთისთვის ინფექციის გავრცელების ყველაზე სერიოზული შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG