Accessibility links

logo-print logo-print

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის შეთავაზება საერთო ვითარებას არ ცვლის


"ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს და 2020 წლის არჩევნებისთვის შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ჩართვას ურჩევს. ირმა ნადირაშვილის თქმით, იმ ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, რიგგარეშე არჩევნები და საარჩევნო სისტემის შეცვლაა და ყველა სხვა შემოთავაზება მათთვის მიუღებელია.

"მსგავსი სისულელეები კობახიძისაგან არაერთხელ მოგვისმენია, მას არაფერი ახალი დღევანდელ ბრიფინგზე ცხადია არ უთქვამს, შემოთავაზება, რომ გადაითვალოს საარჩევნო უბნები საჭირო რაოდენობით, ეს არის მორიგი სისულელე, რადგან, ეს ბიულეტენები ამდენი ხნის განმავლობაში იყო თამარ ჟვანიას ხელში, რომელმაც პირდაპირ დაჯღაპნა ოქმები და ასე დასვა არჩევნების შედეგი.

შესაბამისად, არანაირი ნდობა, რომ ამ ბიულეტენებში უკვე წინასწარ ყველაფერი არ არის გასწორებული, არ არსებობს, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები, და პირველ რიგში მე შემიძლია "ევროპული საქართველოს" სახელით ვთქვა, ამ შეთავაზებას, რა თქმა უნდა, არ მიიღებენ", - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

ირაკლი კობახიძემ განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია დაიწყებდა მუშაობას, დღეს გააკეთა. ამავე ბრიფინგზე მან თქვა, რომ პარლამენტი უკვე აღარ არის ერთპარტიული და "ოპოზიციის საბოტაჟს" აზრი ეკარგება.

ირაკლი კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა "ოპოზიციისთვის არის ბოლო შანსი" და თუკი ამაზე უარს იტყვიან, ყველა შანსს დაკარგავენ. კობახიძე ამ დრომდე ამბობს, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული და ეს ოპოზიციამაც კარგად იცის.

"ევროპელი სოციალისტების" პარტია, რომელიც მანამდე ერთპარტიულ პარლამენტში შევიდა, 2020 წლის იანვარში დაფუძნდა - მისი წევრები "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატები არიან და პარტიის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიაა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მანდატები მოიპოვეს, არჩევნების დარღვევით ჩატარებისა და საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების განხილვის გარეშე დატოვების გამო ბოიკოტის რეჟიმში არიან - მათ პროტესტი გამოაცხადეს არჩევნების მეორე ტურზე და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით გამართული შეხვედრები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ამ დრომდე არ აღმოჩნდა შედეგის მომტანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG