Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი გამოდის ეროვნული ერთობის მოწოდებით


სადირ ჯაფაროვი

ყირგიზეთის ნაციონალისტი პოლიტიკოსი სადირ ჯაფაროვი - რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ 10-წლიანი პატიმრობის სასჯელს იხდიდა ადამიანის გატაცებისთვის - გამოვიდა ეროვნული ერთიანობის მოწოდებით, მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა 10 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში. დამკვირვებლების თქმით, არჩევნებზე "ზოგადად დაცული" იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, თუმცა კენჭისყრა "სრულად სამართლიანი" არ ყოფილა.

10 იანვრის არჩევნებისთვის კანდიდატებს "ძირითადად შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად ჩატარება", მაგრამ საკუთრივ კამპანიაში "დომინანტური იყო ერთი კანდიდატი, რომელიც სარგებლობდა დისპროპორციული ფინანსური საშუალებებით და ადმინისტრაციული რესურსების არამართებული გამოყენებით, რამაც შედეგად უთანასწორო სათამაშო ველი მოიტანა", - წერენ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE/PA) დამკვირვებლები წინასწარ ანგარიშში.

დათვლილია თითქმის ყველა ბიულეტენი და ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ჯაფაროვს ხმათა 79,2 პროცენტი ერგო - რაც მას მყარად აფუძნებს ხელისუფლებაში, სამ თვეში მას შემდეგ, რაც მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი გამოიწვია. გამოსვლები მოჰყვა საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც გაყალბებულად მიიჩნევდნენ.

არჩევნების პარალელურად ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველი მიემხრო საპრეზიდენტო სისტემას, რაც ჯაფაროვს უფლებამოსილებას გაუზრდის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ. "ახლა ჩვენ ერთიანობა გვჭირდება", - განაცხადა ჯაფაროვმა და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს.

დანარჩენი 16 კანდიდატიდან ჯაფაროვის მთავარ მეტოქეს, ადახან მადუმაროვს, ხმების 6,7 პროცენტამდე ერგო. კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა მადუმაროვმა არჩევნების წინასწარ შედეგს უწოდა "რეალობისგან შორს მყოფი" და განაცხადა, რომ სამართლის მოპოვებას კანონიერი გზებით ეცდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG