Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა კუბა დააბრუნა ტერორიზმის სახელმწიფო მხარდამჭერების სიაში


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 11 იანვარს გამოაცხადა, რომ კუბას აბრუნებს ტერორიზმის სახელმწიფო მხარდამჭერების სიაში. ამ ნაბიჯმა შესაძლოა ჯო ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციას გაურთულოს ჰავანასთან ობამას პერიოდის დროინდელი ურთიერთობის დათბობის პროცესის აღდგენა.

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კუბის შავ სიაში მოხვედრის მიზეზია "საერთაშორისო ტერორიზმის აქტებისთვის სისტემატური მხარდაჭერის აღმოჩენა", აშშ-ის მართლმსაჯულებისგან გაქცეული პირებისთვის, ისევე, როგორც კოლუმბიელი მეამბოხეების ლიდერებისთვის თავშესაფრის გამოყოფით.

პომპეო თავის განცხადებაში ასევე ლაპარაკობს კომუნისტური კუბის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში გაწეულ დახმარებაზე ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსთვის - რამაც, პომპეოს თქმით, სამხრეთ ამერიკელ ავტორიტარ ლიდერს საშუალება მისცა შეექმნა "ნებადართული გარემო საერთაშორისო ტერორისტებისთვის", რათა მათ თავისუფლად იცხოვრონ ვენესუელაში.

ყოფილი პრეზიდენტის, დემოკრატი ბარაკ ობამას გადაწყვეტილება, 2015 წელს კუბა ოფიციალურად ამოეღო ტერორიზმის სიიდან იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიპლომატიური კავშირების აღდგენისკენ, იმავე წელს.

კუბის სიაში დაბრუნებას მაშინ, როცა ამჟამინდელ ადმინისტრაციას მხოლოდ ცხრა დღე აქვს დარჩენილი, წინ უძღოდა თვეების განმავლობაში მიმდინარე იურიდიული განხილვა, და ადმინისტრაციის ზოგიერთი ექსპერტი ეჭვს გამოთქვამდა ამ ნაბიჯის მართებულობის შესახებ - უთხრა სააგენტო როიტერსს ანონიმურად დატოვებულმა, საკითხში გარკვეულმა პირმა.

საიმისოდ, რომ ეს გადაწყვეტილება დემოკრატმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისევ შეცვალოს, კვლავ ხანგრძლივი იურიდიული განხილვა იქნება საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG