Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას


აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის გამო, ვაშინგტონში 24 იანვრამდე იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის რეჟიმი და მიღებული იქნება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. თეთრი სახლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო.

საგანგებო ზომების ინიციატორია ვაშინგტონის მერი, რომელიც ასევე, მოითხოვს, რომ 24 იანვრამდე აიკრძალოს ქუჩებში ნებისმიერი შეკრება. გადაწყვეტილება უკავშირდება ბაიდენის ინაუგურაციის გამო მოსალოდნელ საპროტესტო აქციებს.

ვაშინგტონში წესრიგს დაიცავს 13 000 პოლიციელი და ეროვნული გვარდიის 10 000-ზე მეტი წარმომადგენელი. კაპიტოლიუმის შენობაში, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებმა 6 იანვარს დაარბიეს, ეროვნული გვარდიის დამატებითი შენაერთები განათავსეს.

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტი ტრამპი ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებს.

6 იანვარს, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამ მოვლენებს წინ უძღოდა ტრამპის განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ.

კაპიტოლიუმში შეჭრილი ტრამპის მომხრეები
კაპიტოლიუმში შეჭრილი ტრამპის მომხრეები

დემოკრატები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ ამბოხებისკენ წაქეზებაში და მოითხოვენ, რომ მან თანამდებობა უფლებამოსილების ამოწურვამდე დატოვოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG