Accessibility links

site logo site logo

მოლების გახსნის შემდეგ, შესაძლოა, თანამშრომლების რეგულარული ტესტირება სავალდებულო იყოს


მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოლების უსაფრთხოდ გახსნის საკითხიც განიხილებოდა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ და განიხილავდნენ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვისთვის.

„შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, - თქვა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ნადარეიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ.

11 იანვარს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ არსებული ე.წ. "წერტილოვანი შეზღუდვები" 1 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას არ დაუკონკრეტებია, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა საჭირო იმისთვის, რომ გახსნის პროცესი დაიწყოს, თუმცა თქვა, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილ ვადას უსაფრთხო გახსნისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების გამოცხადების გადაწყვეტილება 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. შედეგად, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადავიდნენ გატანის სერვისზე; სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG