Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამადაშვილი ივანიშვილის „წასვლაზე“: კიდევ უფრო ანომალიური, არაფორმალური რეჟიმი ყალიბდება


სალომე სამადაშვილი, ბიძინა ივანიშვილი
სალომე სამადაშვილი, ბიძინა ივანიშვილი

იმის ნაცვლად, რომ არაფორმალური მმართველობა დაგვესრულებინა, მივიღეთ კიდევ უფრო ჩრდილოვანი ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში, - ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ყალიბდება კიდევ უფრო ანომალიური, არაფორმალური მმართველობის რეჟიმი:

„ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ იყო კრიტიკის ობიექტი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იმის გამო, რომ მას არანაირი ფორმალური როლი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმართავდა პოლიტიკურ პროცესებს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ის არ იყო, ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე, რაც ასე თუ ისე არის ოფიციალური პოლიტიკური როლი. ახლა მან უარი თქვა ამ ყველაფერზე. ანუ რეალურად გააკეთა ოფიციალური განაცხადი, რომ ის პოლიტიკაში აღარ არის. ამიტომ გაერიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და რჩება სრულიად არაფორმალურ მმართველად ქვეყანაში, რომელიც რეალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ არანაირი არჩევითი თანამდებობა, არანაირი ოფიციალური თანამდებობა, არანაირი ანგარიშვალდებულება საზოგადოების, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან მას არ ექნება. ეს არის ანომალიური მმართველობის სისტემა, რომლის ანალოგიაც დემოკრატიულ სამყაროში ნამდვილად არ არსებობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური გავლენის ცენტრად რჩება, ფორმალურად განზე გადგა პოლიტიკური პროცესებისგან, გაექცა პასუხისმგებლობას და ხელი დაიბანა იმ შედეგებზე, რომელიც ქვეყანაში მისი რვაწლიანი მმართველობის რეჟიმის შედეგად შეიქმნა:

„მე არ ვფიქრობ, სიმართლე რომ გითხრათ, რომ ის კიდევ ერთხელ შემობრუნდება ოფიციალურად პოლიტიკაში. თუმცა, ცხადია, რომ დარჩება არაფორმალურად გავლენის ცენტრად „ქართული ოცნების“ წიაღში, თუ შეიძლება ითქვას. დარწმუნებული ვარ, რომ ის გავლენის ბერკეტებს ხელიდან, ცხადია, არ გაუშვებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის დამაზიანებელი ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG