Accessibility links

site logo site logo

გია ნოდია: ივანიშვილს უნდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის თავზე ღმერთივით ფარფატებდეს


გია ნოდია

პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიის სპეციფიკური ხედვა აქვს და მას დემოკრატია უნდა როგორც ერთგვარი ფორმალობა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გია ნოდიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელისუფლების გარდა ოპოზიციაც, მედიაც და არასამთავრობო სექტორიც მისი მოსაწონი იყოს.

„პრაქტიკულად, მისი ოცნება არის ის, რომ ოპოზიციაც რაღაცნაირად გააკონტროლოს. ანუ, ერთის მხრივ, არსებობდეს ხელისუფლება, მეორეს მხრივ, არსებობდეს ოპოზიცია და თვითონ ღმერთივით ამათ თავზე ფარფატებდეს და ორივე რაღაცნაირად მისთვის მისაღები იყოს. მედიაც და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი მის შეხედულებებში ჯდებოდეს. ჩვენ გვახსოვს, როდესაც პრემიერი იყო, როგორ იბარებდა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე და იმის მაგივრად, რომ მათი შეკითხვებისთვის გაეცა პასუხი, უფრო ჭკუას არიგებდა. ანუ, როგორც ჩანს, ჰქონდა იმის იმედი, რომ ჭკუადარიგებული ჟურნალისტები მის ჭკუაზე გადავიდოდნენ. მას უნდა კონტროლი სრული, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების“, - განაცხადა გია ნოდიამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

11 იანვარს გამოაქვეყნებულ ღია წერილში, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის განზრახვას შეეხებოდა, ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ გული წყდება იმაზე, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია:

„ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG