Accessibility links

logo-print logo-print

WHO: კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი სავარაუდო არ არის 2021 წელს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი სავარაუდო არ არის მიმდინარე წელს.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვაქცინები დაიწყებს მოწყვლადი ჯგუფების დაცვას, პოპულაციის იმუნიტეტის რაიმე დონეს ვერ მივაღწევთ 2021 წელს“, განაცხადა WHO-ს მთავარმა სამეცნიერო თანამშრომელმა სუმია სვამინათანმა. „ის, რომ კოლექტიური იმუნიტეტი გაჩნდება ზოგიერთ ქვეყანაში, ჯერჯერობით ვერ დაიცავს მთელი მსოფლიოს მოსახლეობას“, დასძინა მან.

ევროპიდან აზიამდე ვირუსმა მდგრადობა გამოავლინა მიუხედავად სხვადასხვა საკარანტინო ზომისა, რომელიც დაავადების შესაკავებლად მოქმედებს უკანასკნელი თვეების განმავლობაში. როგორც იტყობინებიან, ვაქცინაციის დონემ 70%-80%-ს უნდა მიაღწიოს, რათა მოსახლეობა დაცული იყოს ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის იოლი გადაცემისგან.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში დაიწყეს აცრა Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინებით. პროცესი ჯერჯერობით ნელა მიმდინარეობს წარმოებასა და მიწოდებაში შეზღუდვების, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ორგანიზებაში არსებული სირთულეების გამო.

WHO-ს გენერალური დირექტორის მრჩევლის, დოქტორ ბრუს ეილუორდის თქმით, გაეროს ეს უწყება იმედოვნებს, რომ მიმდინარე თვის ბოლოს ან თებერვალში ვაქცინაცია დაიწყება მსოფლიოს ზოგიერთ უღატაკეს ქვეყანაში. მან კვლავ გაიმეორა ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინებით საერთაშორისო მასშტაბის დახმარების აღმოჩენის მოწოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG