Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზუგდიდის მერიის წარმომადგენელი


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს სახელმწიფო მოხელე, რომელიც მოქალაქეს 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.

დაკავებული საჯარო მოხელე ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელია. ის იმ დროს დააკავეს, როცა მოქალაქისგან მოთხოვნილი თანხის ნაწილს, 15 000 ამერიკულ დოლარს იღებდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ქრთამის აღების ბრალდებას უყენებენ, 2018 წელს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG