Accessibility links

logo-print logo-print

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მუსლიმური რელიგიური რიტუალების უსაფრთხოდ ჩატარება


ნინო ლომჯარია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს რელიგიური რიტუალების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის უფლებას. განცხადების თანახმად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, თანაბრად შეუწყოს ხელი ყველასთვის ამ უფლებით განუხრელად სარგებლობას. ამასთან, სახელმწიფომ ნეიტრალურად და მიუკერძოებლად უნდა დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა. სწორედ ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიულობა და პლურალიზმი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები ძალადობის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ამასთან, უზრუნველყონ მუსლიმური რელიგიური რიტუალების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

სახალხო დამცველი, ასევე, მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს - გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმმა მრევლმა საკუთარი სახსრებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, სადაც სალოცავად იკრიბებოდნენ. ამ ფაქტმა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ოფიციალური ცნობით, მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-ს და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG