Accessibility links

logo-print logo-print

ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს „მსოფლიოს მასტერსზე“ მეორე ოქროს მედალი მოუპოვა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის დოჰაში 11-13 იანვარს გამართული „მსოფლიოს მასტერსის“ მესამე დღე წინა ორზე წარმატებული გამოდგა - ქართველმა სპორტსმენებმა სამივე სინჯოს თითო მედალი მოიპოვეს. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი ჩემპიონი გახდა, 90 კილოგრამში კი ბექა ღვინიაშვილმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო ლაშა ბექაურმა - მესამე.

ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალის გზაზე რუსი ნიაზ ბილალოვი, უზბეკი მუხამადკარიმ ხურამოვი და ებრაელი პეტერ პალჩიკი დაამარცხა, საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს აჯობა.

ბექა ღვინიაშვილმა ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან, წააგო, ლაშა ბექაურმა კი რეპეშაჟის ფინალში თურქეთის ნაკრების წევრ მიხაელ ჟგანკს სძლია.

დღეს საქართველოს სახელით „მსოფლიოს მასტერსზე“ მძიმეწონოსნებმა (+100 კგ) გურამ თუშიშვილმა, გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპებზე დამარცხდნენ და ტურნირს დილის პროგრამაშივე გამოეთიშნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2021 წლის პირველ საერთაშორისო ტურნირზე სულ თექვსმეტი სპორტსმენით გამოვიდა და მათგან ხუთი მედალს დაეუფლა. სამდღიანი „მსოფლიო მასტერსის“ პირველ დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, მეორე დღეს კი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩემპიონი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG