Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აქვეყნებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების შესახებ. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება.

„მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით.

ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა", - აცხადებს ზურაბიშვილი.

რამდენიმე საათით ადრე ბუკნარის მოვლენების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუსლიმი თემის მხრიდან საკუთარი რწმენის შესაბამისად რელიგიური რიტუალების განხორციელება უკმაყოფილებას იწვევს მართლმადიდებელ მოსახლეობაში. როგორც ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულოობთ, სამწუხაროა, რომ მუსლიმთა მიმართ 2012-2016 წლებში გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით (ცალკეულ შემთხვევაში მუსლიმები სამართალდამცავი პირების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებაზეც მიუთითებდნენ), არ დამდგარა ძალადობის განმახორციელებელი პირების პასუხისმგებლობა. აღნიშნული ტიპის საქმეებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება არსებითად მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმმა მრევლმა საკუთარი სახსრებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, სადაც სალოცავად იკრიბებოდნენ. ამ ფაქტმა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუკნარში მომხდარი ინციდენტის გამო ერთი პირი, 1985 წელს დაბადებული გ.ს. არის დაკავებული. მას ბრალი ძალადობაში ედება.

გამოძიების ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, შელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG