Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც იმპიჩმენტი არ უხსენებია


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც იმპიჩმენტი არ უხსენებია.

თეთრი სახლის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ტრამპმა ილაპარაკა კაპიტოლიუმის შენობაში 6 იანვარს მომხდარ ძალადობაზე, რომელიც უპირობოდ დაგმო. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში არ არის ძალადობის და ვანდალიზმის ადგილი და ადამიანები, რომლებიც კაპიტოლიუმს არბევდნენ, არ არიან მისი ჭეშმარიტი მხარდამჭერები. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ნამდვილი მომხრეები არ ეთანხმებიან ძალადობას, თანამემამულეებს არასდროს ემუქრებიან და არ შეუძლიათ უპატივცემულობა გამოხატონ სამართალდამცავების და ამერიკის დროშის მიმართ.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა მემარცხენე ხარ, თუ მემარჯვენე, დემოკრატი, თუ რესპუბლიკელი, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, ამერიკა კანონების ქვეყანაა და ყველა, ვინც თავდასხმაში მონაწილეობდა პასუხს აგებს.

აშშ-ში მოსალოდნელი ახალი დემონსტრაციების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, ტრამპის მოწოდებაა, რომ არ დაუშვან ძალადობა, კანონის დარღვევა და ვანდალიზმი. პრეზიდენტმა ამერიკელებს მიმართა, ხელი შეუწყონ დაძაბულობის შემცირებას და სიმშვიდეს.

5 წუთიან ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპმა სიტყვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმად შეაფასა სოციალური ქსელების მიერ მისი ანგარიშების დაბლოკვა.

დაახლოებით იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსი ხელს აწერდა 13 იანვარს მიღებულ რეზოლუციას დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ. დოკუმენტი, რომლის თანახმად, პრეზიდენტი დადანაშაულებულია ამბოხებისკენ წაქეზებაში, სენატს გაეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ სენატი მიიღებს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 231 წევრმა 197-ის წინააღმდეგ. იმპიჩმენტის მომხრეთა შორის იყო 10 რესპუბლიკელიც. ხმა წინააღმდეგ არ მიუცია არცერთ დემოკრატს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფმა დემოკრატებმა პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილების ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვეს მას შემდეგ, რაც 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

დემოკრატები მიიჩნევენ, რომ კაპიტოლიუმში შეჭრა იყო პირდაპირი შედეგი ტრამპის მორიგი განცხადებისა, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგს არ აღიარებს.

დონალდ ტრამპს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ამოეწურება 20 იანვარს, როცა პრეზიდენტის ფიცს დადებს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, იმპიჩმენტი გამოუცხადა 2019 წელსაც, თუმცა, სენატმა ტრამპი გაამართლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG