Accessibility links

logo-print logo-print

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ პანდემიის მეორე წელი უფრო რთული იქნება


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) დღეს გამართავს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას, რომელზეც განიხილავენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის ახალი, უფრო გადამდები სახეობების გავრცელებას.

საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ რაც უფრო სწრაფად ვრცელდება თავად SARS-CoV-2, მით უფრო მეტია ახალი ვარიანტების წარმოქმნის შესაძლებლობა. ბოლო ხანს ახალი შტამები გამოავლინეს დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ვირუსის ამ ახალი სახეობებით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია რამდენიმე ათეულ ქვეყანაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაიკლ რაიანი ინფექციის გავრცელების დინამიკას და ახალ სახეობებს ასახელებს იმის ძირითად მიზეზებად, რომ პანდემიის მეორე წელი შესაძლოა, პირველზე უფრო რთული იყოს. საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ახალი პიკი, თითქმის 5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მაიკლ რაიანმა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ ვითარებას პანდემიური შტორმი უწოდა, რასაც ხელს უწყობს წელიწადის ცივ დროს ადამიანების დახურულ შენობებში ყოფნა და ახალი შტამების გავრცელება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 92 მილიონს აჭარბებს. ორ მილიონს უახლოვდება COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG