Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგო ჩიხლაძე: პლებისციტზე უფრო კომპრომისული რა წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“?


სერგო ჩიხლაძე
სერგო ჩიხლაძე

ვადამდელი არჩევნების გამართვის საკითხზე პლებისციტზე უფრო კომპრომისული წინადადება არ არსებობს, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ. კითხვაზე არის თუ არა მზად ოპოზიცია კომპრომისებისთვის, მან განაცხადა, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში თავიდანვე რამდენიმე კომპრომისული წინადადებით მივიდა და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. ოპოზიციის მხრიდან კომპრომისის კომპრომისი აღარ იქნება, აღნიშნა მან „დილის საუბრებში“:

„მივედით კომპრომისული წინადადებით, რომ აი, გაზაფხულზე განვიხილოთ ეს საკითხი, ან შემოდგომაზე, ანუ ვადებთან დაკავშირებით კომპრომისი იყო. მერე არ დასმულა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაჟღერდა 2022 წელი. მერე გაჟღერდა პლებისციტი. პლებისციტზე უფრო კომპრომისული რა წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“. ანუ არც მე გახვევ თავზეო, ხო ფაქტიურად ვეუბნებით. შენც ნუ გვახვევ და მოდი გავიდეთ და მესამე მთავარი არბიტრი ხო ხალხია, მათ ვკითხოთ...

ანუ სამი-ოთხი სახის კომპრომისული წინადადება ჩვენ თვითონვე დავაყენეთ და ქართული ოცნებისგან არ ყოფილა ასეთი წინადადება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. მისი თქმით, რაც უფრო გაჭიანურდება მოლაპარაკებების პროცესი, მით უფრო მეტად შევა იგი ჩიხში.

„ქართული ოცნებისგან შემხვედრი ნაბიჯი არ ყოფილა საერთოდ. ამიტომ არ შეიძლება კიდევ იმაზე საუბარი, ოპოზიცია რას დათმობს? ჯერ ხომ უნდა გავიგოთ მეორე მხარე რა კომპრომისული წინადადებით მოდის. საერთოდ რა წინადადებით მოდის ან მოდის თუ არა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პარლამენტის შეკრებამდე, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვრის ბოლომდე უნდა გაიმართოს. მოლაპარაკებებზე ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და რეფორმირებას ასახელებდა. ზემოჩამოთვლილი საკითხებიდან მმართველი პარტია მხოლოდ ერთზე, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG