Accessibility links

logo-print logo-print

შემოქმედელი მიტროპოლიტი ბუკნარში დაპირისპირებაზე: ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო


შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები გურიაში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ფაქტს შემაშფოთებლად მიიჩნევს. ის ამბობს, რომ სასულიერო პირებმა ინცინდენტის შესახებ გვიან ღამით გაიგეს და მაშინვე სცადეს კონფლიქტის მოგვარების საქმეში ჩართვა. მიტროპოლიტი მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მართლმადიდებელი სასულიერო პირების ჩართულობას მიაწერს და დასძენს, რომ "მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის".

"სამწუხაროდ, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის, რის შესახებაც ჩვენ, სამღვდელოებამ, გავიგეთ 12 იანვარს, 21:00 საათზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო.

ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან - ზოტიდან და სხვა სოფლებიდან- 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად. რადგანაც უკვე კომენდატის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 11 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში. საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო: მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის" - ამბობს მიტროპოლიტი. მის განცხადებას შემოქმედის ეპარქიის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქოს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

სოფელ ბუკნარში ქრისტიანების და მუსლიმების უთანხმოება უკავშირდება ერთ-ერთ სახლს, რომელსაც მუსლიმები საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუკნარში მომხდარი ინციდენტის გამო ერთი პირი, 1985 წელს დაბადებული გ.ს. არის დაკავებული. მას ბრალი ძალადობაში ედება.

გამოძიების ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, შელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG