Accessibility links

site logo site logo

ლევან იოსელიანი: ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე დაყოლიება ჩემი ამოცანა არ არის


ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეები“ იმ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების წარმოებას აპირებს, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს. როგორც რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის მიზანი არის გამოსავლის მოძებნა იმ სიტუაციიდან, რომელშიც მთლიანად პოლიტიკური პროცესია „გაჩხერილი“.

„ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე დაყოლიება ჩემი ამოცანა არ არის“, -უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან იოსელიანმა.

„ჩემს თავზე მისია კი არა მაქვს აღებული, უბრალოდ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რეალურად რას ფიქრობენ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერი პარტიები, როგორ უყურებენ ისინი საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ამ ჭრილში და ხომ არ არის რაღაც საერთო ხედვები, რამაც შეიძლება ოპოზიცია კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე დღეს არის. იმიტომ რომ დღეს ვხედავთ რომ პროცესი არის გაყინული და ამ გაყინული პროცესიდან გამოსავალი რეალურად არ ჩანს, ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ფეხს არ უცვლის ამ პოზიციას, ოპოზიციას აქვს თავისი მოთხოვნები, რომელსაც ასევე ფეხს არ უცვლის და იმისთვის, რომ ეს სიტუაცია რაღაცნაირად წავიდეს ლოგიკური განტვირთვისთვის, ამას სჭირდება პირველ რიგში მე მგონი ჯერ საუბარი და ეს არის, რაც გვინდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, ოპოზიციას შეუძლია პარლამენტში შექმნას ისეთი დღის წესრიგი, რომელიც უკვე კარზე მომდგარი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამარჯვების წინაპირობა იქნება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. გამონაკლისი აღმოჩნდა პარტია „მოქალაქეები“, ორი მანდატით და „გირჩი“ სამი მანდატით. „მოქალაქეები“ აცხადებენ, რომ მზად არიან პარლამენტში შევიდნენ, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება.

პარლამენტში შევიდა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული 4 დეპუტატი, რომლებმაც პარტია დატოვეს და ახალი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, არსებული ინფორმაციით მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და რეფორმირება. მოლაპარაკებების ოთხი რაუნდის შედეგებით, ზემოჩამოთვლილი საკითხებიდან მმართველი პარტია მხოლოდ ერთზე, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG