Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ნავალნის დაპატიმრებას ითხოვს


ალექსეი ნავალნი

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (FSIN) მოსკოვის განყოფილებამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უწყება „ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დასაკავებლად, რომელსაც სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ბრალად სდებს იმ პირობითი პატიმრობის წესების დარღვევაში, რომელიც ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით აქვს მისჯილი.

უწყებამ ხუთშაბათს ოფიციალური კომენტარი გააკეთა მანამდე გავრცელებულ ცნობებზე და დაადასტურა, რომ ნავალნიზე ძებნაა გამოცხადებული იმის გამო, რომ ის რეგისტრაციისთვის არ ცხადდებოდა, როგორც პირობით გასამართლებული.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნი 2020 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ანუ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მას გერმანიაში გაამგზავრებდნენ სამკურნალოდ, ექვსჯერ არ გამოცხადდა რეგისტრაციაზე. ასევე, FSIN-ის თანახმად, ნავალნიმ უწყებას 23 ნოემბერს შეატყობინა, რომ გერმანიაში გადის რეაბილიტაციას, მაგრამ, როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, „სარეაბილიტაციო პროცედურების ფაქტი არ არის რეგისტრაციაზე არგამოცხადების საფუძველი“. 27 ნოემბერს ნავალნის წინააღმდეგ სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს, 29 დეკემბერს კი, მისი საცდელი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, ოფიციალურად გამოაცხადეს მასზე ძებნა.

ამასთან, ნავალნის მიერ სავარაუდო დარღვევების შესახებ უწყებამ მხოლოდ დეკემბრის ბოლოს განაცხადა, ის კი, რომ ოპოზიციონერზე ძებნაა გამოცხადებული, ცნობილი გახდა 13 იანვარს - იმ დღეს, როცა ნავალნიმ თქვა, რომ 17 იანვარს აპირებს მოსკოვში დაბრუნებას.

FSIN-ის თანახმად, უწყებამ ყოველ ღონეს უნდა მიმართოს, რათა დააკავოს ის პირობითი პატიმრობის რეალურით შეცვლის შესახებ სასამართლომდე.

ნავალნი ხაზს უსვამს, რომ საკუთარი ნებით არ დაუტოვებია რუსეთი და რომ ის უცხოეთში წაიყვანეს მოწამვლის შედეგების სამკურნალოდ. მოწამვლაში ის ადანაშაულებს ფსბ-ს თანამშრომლებს და რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ნავალნის 3,5 წლით პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. FSIN-ი ახლა ითხოვს, რომ მას ამ ვადით რეალური პატიმრობა მიესაჯოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG