Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილის თქმით, პატიმრობაში გიორგი რურუას დარჩენა დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი


ალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი

„მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენაზე პასუხისმგებლობას პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი დიდწილად ოპოზიციას აკისრებს.

ელისაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში თქვა, რომ 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი შესრულდა, რაც შეეხება პატიმრობაში რურუას დარჩენას, ის ამბობს: „ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ". როგორც ის აღნიშნავს, ამაზე ვერ ილაპარაკებს, რადგან დელიკატური საკითხია, თუმცა აცხადებს, რომ „დახურულ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ" რაღაცები, რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა ოპოზიციას, იქ ყველამ თავი დახარა. თავის თავს დააბრალონ".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა ოპოზიციის ბრალი? ელისაშვილმა უპასუხა: „დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი". მან დაამატა: „8 მარტის შეთანხმება შესრულდა, „120-30" მივიღეთ პოლიტიკურ ნაწილში, პოლიტპატიმრების ნაწილი გამოვიდა. იქ რაღაცები რომ თქვეს „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა და ჩემთვის მოულოდნელი იყო (არ ვიცი, 8 მარტის შეთანხმებაში არ ვმონაწილეობდი) ვიღაც-ვიღაცებმა თავი დახარეს და კრინტი ვერ დაძრეს, იმიტომ, რომ რაღაც-რაღაცები გააფუჭა ოპოზიციამ. ვინც იცის ის გამოვიდეს და თუნდაც გიორგი რურუას ოჯახში წავიდეს და ახსნა-განმარტებები ჩააბაროს, რა და როგორ გააკეთა".

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ოპოზიცია რურუას გათავისუფლების საკითხს ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ პუნქტად აყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG