Accessibility links

logo-print logo-print

"ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 68 მლნ-ს ტენდერები მოიგეს - TI


2020 წელს "ქართული ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 68 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თავის ანგარიშში წერს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოამზადა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან დაკავშირებულმა შემომწირველებმა მმართველ პარტიისთვის 1,6 მლნ ლარი გაიღეს. ორგანიზაცია ამ მხრივ რამდენიმე კომპანიას გამოყოფს. მაგალიათად, შპს "გ & კ ტექნოლოგი" - 17,2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში 60 000 ლარი შესწირა.

"საინტერესოა, რომ აბრამიშვილმა შემოწირულება მას შემდეგ გაიღო, რაც მისმა კომპანიამ მოკლე პერიოდში ზედიზედ რამდენიმე მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს "ცეკურის", შპს "გრავიტას" და შპს "ჯი-თი ჯგუფის" შემთხვევებში", - ვკითხულობთ კვლევაში.

აქვე მოყვანილია კიდევ ერთი მაგალითი - შპს "ლ.და.კ-მ" 2020 წელს 17,3 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიას 22 000 ლარი გადაურიცხეს.

კვლევაში მოყვანილია ის კომპანიებიც, რომლებიც სახელმწიფოსთან გამარტივებული სახით დებდნენ ხელშეკრულებებს. ორგანიზაციის გამოთვლით, 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 4,2 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2,2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ამ შემთხვევაშიც აქვს დასახელებული რამდენიმე კომპანია. მაგალითად, შპს "ყვარლის ედემი", რომელიც მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების მფლობელობაშია.

"ეს კომპანია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის გაზაფხულზეც მოექცა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს მისი მფლობელების მიერ თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის მსხვილი კონტრაქტი გაუფორმეს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე საუბარია ერთგვარ ტენდენციაზე, რომელიც მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიებიდან გამოიკვეთა:

"ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" დიდი თანხებით აფინანსებს. სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების გაღება".

მაგალითად კომპანიას მოყვანილი ჰყავს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები და მათ მიერ შეწირული 544 ათას ლარზე მეტი, შპს "ლილო მოლთან" დაკავშირებული პირების მიერ გადარიცხული 595 ათასი ლარი და შპს "ბომბორა და ბავშვებთან" პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირების დარიცხული 255 ათასი ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG