Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა მიქელაძე ბუკნარის კონფლიქტზე: არის შერიგებისა და კონფლიქტის დასრულების მზადყოფნა


თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბუკნარის მოსახლეობა შერიგებისა და კონფლიქტის დასრულებისთვის მზად არის. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ კონფლიქტს სისტემური მიზეზები აქვს, მათ შორის ის, როგორაა გაგებული საზოგადოების ერთობა:

„როგორ ვიგებთ ჩვენ ჩვენს ერთობას, ვინ ვართ ქართველები? ისინი, ვინც ეთნიკურობის და რელიგიურობის ხაზებით იქმნება, თუ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც საერთო ისტორია, მეხსიერება და შესაბამისად სამართლიანობის უფლებების მოთხოვნის და თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები გვაქვს. სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ამ ერთობის და „ჩვენის“ გაგება არ არის ინკლუზიური, არ არის ფართე, არ მოიცავს ყველა იმ ჯგუფს, რომლებიც ისტორიულად საქართველოში ცხოვრობენ და ის ძალიან ვიწრო ეთნიკურ და რელიგიურ მარკერებზე დგას. სწორედ ამ ერთობის, ანუ ამ „ჩვენის“ გაგების ვიწრო ეთნიკური და რელიგიური შინაარსის გამო სხვადასხვა ჯგუფები და მათ შორის ქართველი მუსლიმები მუდმივად აწყდებიან გარიყულობას, დახარისხებას და სათანადო მოქალაქეობის თუ მეორე ხარისხის მოქალაქეობის პრობლემას“, - აღნიშნა თამთა მიქელაძემ „დილის საუბრებში. გადაცემაში მან კონფლიქტის მოგვარების გზებზეც ისაუბრა და გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი მედიაციის გზით უნდა გადაიჭრას:

„ჩვენ Emc არ ვლაპარაკობთ რომ იქ უნდა ჩადგეს პოლიცია, ჯარი და ასე უნდა იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა...ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სოლიდარული და მშვიდი გარემო შექმნას და ამას სჭირდება მედიაცია, კულტივირება, ამას სჭირდება სოციალური მუშაკების, განათლების მუშაკების, კულტურის მუშაკების მონაწილეობა და რა თქმა უნდა, საპოლიციო სახელმწიფო და პოლიციით დალაგებული სამეზობლო და სათემო ურთიერთობების ჩვენ არ გვჯერა“, - აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 12 იანვარს, სოფელ ბუკნარის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფელში შეიძინეს კერძო სახლი, რომელსაც საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ. ორ თემს შორის უთანხმოება ცოტა ხნის წინ წარმოიშვა, როცა სოფელში გავრცელდა ხმები მინარეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ.

შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად მოლაპარაკება დღეს უნდა გაგრძელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG