Accessibility links

logo-print logo-print

ჯო ბაიდენმა წარმოადგინა 1,9 ტრილიონი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხუთშაბათს წარმოადგინა ეკონომიკური მხარდაჭერის გეგმა, რომელიც 1,9 ტრილიონი დოლარის დახარჯვას ითვალისწინებს კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკისა და მოსახლეობის სტიმულირებისთვის.


ბაიდენმა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას უწოდა „დიდი ადამიანური ტანჯვის გამომწვევი კრიზისი“ და განაცხადა, რომ დროის დაუკარგავად უნდა დაიწყოს ამ პრობლემის გადაწყვეტა.


14 იანვარს გამოქვეყნებული ეკონომიკური სტიმულირების გეგმის თანახმად, 1 ტრილიონი დოლარით დაფინანსდება ამერიკელი მოქალაქეებისა და ოჯახების პირდაპირი კომპენსაცია. 415 მილიარდი დოლარი მოხმარდება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას და მოსახლეობის ვაქცინაციას, 440 მილიარდი - მცირე ბიზნესის მხარდაჭერას.



ბაიდენის გეგმის მხარდაჭერა სათუოა კონგრესში, სადაც რესპუბლიკელების უმრავლესობა უკმაყოფილოა პირდაპირ კომპენსაციისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდითა და სესხად აღებული თანხებით ეკონომიკის სტიმულირებით.


დემოკრატებმა კი განაცხადეს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს არჩეული პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური სტიმულირების გეგმას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG