Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შტატები დემონსტრაციებს ელიან ბაიდენის ინაუგურაციამდე


აშშ-ის მასშტაბით შტატების მმართველებს მზადყოფნაში მოჰყავთ ეროვნული გვარდიის სამხედროები და საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ, რადგან ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე დემონსტრაციებია მოსალოდნელი.

გამოძიების ფედერალური სააგენტო (FBI) გამოდის გაფრთხილებით, რომ შტატების დედაქალაქებში შესაძლოა ძალადობის შემთხვევები იყოს და აცხადებს, რომ ინტერნეტში თვალს ადევნებს "ხშირ შემაშფოთებელ საუბრებს", მათ შორის, შეიარაღებული პროტესტის შესახებ.

შტატების მესვეურებმა აამოქმედეს უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან აიცილონ იმ ტიპის ძალადობა, რომელიც 6 იანვარს ვაშინგტონში მოხდა - როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმის შენობაზე მიიტანეს იერიში, ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირების აღკვეთის მიზნით.

ათზე მეტმა გუბერნატორმა ეროვნული გვარდია მოიყვანა მობილიზაციაში, სახელმწიფო უწყებების დაცვის და ადგილობრივი სამართალდამცავებისთვის დახმარების გაწევის მიზნით. რამდენიმე შტატში დაიხურა სახელმწიფო მართვის უწყებების შენობები, ან მათთან საზოგადოების წვდომა შეიზღუდა. მერილენდის, ნიუ-მექსიკოსა და იუტას შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობას მავთულხლართის მაღალი ღობე შემოავლეს. ოფიციალური ინფორმაციით, უსაფრთხოების დაცვას იქ ეროვნული გვარდიის 20,000-მდე სამხედრო უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG