Accessibility links

logo-print logo-print

პასუხი ზაალ ანდრონიკაშვილის თვალსაზრისზე


გიორგი არზიანი

ავტორი: გიორგი არზიანი

შესავალი

5 იანვარს რადიო თავისუფლების საიტზე გამოქვეყნდა ზაალ ანდრონიკაშვილის ესე სახელწოდებით „ცხინვალის ომი - 30 წლის შემდეგ“, რომელშიც ავტორი იხსენებს ცხინვალის ომის დაწყებას და განიხილავს უახლოესი წარსულის გაკვეთილებს.

ესე ნიშანდობლივია იმით, რომ ეფუძნება სპეციფიკურ ინტელექტუალურ პოზიციას, რომელიც ხდება სულ უფრო და უფრო დამახასიათებელი კონფლიქტებთან დაკავშირებული დისკუსიისთვის. ამ პოზიციის მანიფესტაცია კი არის საჯარო ინტელექტუალის ამპლუა, რომელიც ითვისებს საზოგადოების სინდისის ხმას და მიგვითითებს ჩვენს ნაკლოვანებებზე, წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და ისტორიის ცოდნის დეფიციტზე. დროა ამ ინტელექტუალური პოზიციის სისუსტეების ანალიზისთვის.

ანდრონიკაშვილის ესეს მთავარი თემა არის ისტორიის სწორი გააზრება, რაც, ავტორის თვალსაზრისით, გულისხმობს იმას, რომ „ჩვენ უნდა შეგვეძლოს სწორად აღვწეროთ ჩვენი ისტორია და დავინახოთ კავშირები მოვლენებს შორის იმისთვის, რომ არ გადავვარდეთ ისტორიის ცალმხრივ, გმირულ ან მარტიროლოგიურ მოდუსში“. „სწორი კავშირების და მიზეზ-შედეგობრიობის დანახვა კი, - აგრძელებს ავტორი, - გვჭირდება არა მარტო ზუსტი ცოდნის და აღწერისთვის, არამედ იმისთვის, რომ აღარ გავიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები...“. ამ აზრს რთულია არ დაეთანხმო. მარტივად რომ ვთქვათ, ისტორია არ შედგება მხოლოდ შავი და თეთრი ლაქებისგან და სიკეთისა და ბოროტების ომს ნამდვილი ისტორია არ ჰგავს, ხოლო ისტორიის ცოდნის გარეშე საზოგადოება პრაქტიკულად განწირულია შეცდომების გამეორებისთვის - იდეა არახალია, და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულებების ნაწილია.

თუმცა, ამ ესეს გამორჩეულს ხდის მისი პათოსი და ის არგუმენტაცია, რომელსაც ავტორი იყენებს მთავარი იდეის დასასაბუთებლად, და, რომელიც ანდრონიკაშვილის ესეს მთავარი სისუსტეცაა. ავტორი იხსენებს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული კონფლიქტის ქრონოლოგიას და მიგვითითებს ქართული ისტორიული მეხსიერებიდან „გამქრალ“ ფაქტებზე. სავარაუდოდ, ესეს შეკუმშულობიდან გამომდინარე ანდრონიკაშვილი ვერ ახერხებს დეტალურად აღწეროს კონფლიქტის ქრონოლოგია, თუმცა მაინც ბევრ მოვლენას იხსენებს, რათა დაგვანახოს ქართველების წილი დანაშაული, რომლებიც, როგორც ესედან იკითხება, დღეს დგანან მსხვერპლის პოზიციაზე, მაგრამ კონფლიქტის საწყის ეტაპზე მოძალადის როლშიც ხშირად გამოდიოდნენ. ავტორი იხსენებს შემდეგ პრობლემებს: შეიარაღებული დანაყოფების უმართაობა, გამსახურდიას აგრესიული რიტორიკა და „პრაქტიკა“, რეგიონალური პარტიებისთვის საერთო რესპუბლიკურ არჩევნებში მონაწილეობის „აკრძალვა“ რამაც, ავტორის თვალსაზრისით: „მნიშვნელოვანი, თუ არა გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ მაშინდელმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობამ არ მიიღო მონაწილეობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, [და] ჩაატარა თავისი არჩევნები...“.

ესეში გამოთქმულია ასევე სხვა ბევრი მოსაზრება, რომელიც, როგორც მინიმუმ, არის საკამათო, მაგრამ მათი კრიტიკული შეფასება არ იქნება სწორი, რადგან ესეს შეკუმშულობიდან გამომდინარე ავტორი ასევე შეკუმშულად აფიქსირებს საკუთარ აზრს და დეტალურად არ ავითარებს თავის არგუმენტაციას. თუმცა, მთლიანობაში ესე არ ღალატობს ერის სინდისის გამხმოვანებლის ინტელექტულურ პოზიციას. ანდრონიკაშვილის მიზანია დაგვანახოს ქართული ისტორიული მეხსიერებისთვის დამახასიათებელი გმირული და მარტვილური მოდუსის სიყალბე და ამისთვის ცდილობს გამოააშკარავოს უახლოეს ისტორიაში ქართული მხარის მიერ გატარებული ეროვნული უმცირესობების ჩაგვრის პოლიტიკა, რომელმაც, მისი თვალსაზრისით, განაპირობა მაშინდელი ეთნიკური დაპირისპირების ესკალაცია. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ანდრონიკაშვილი უნებლიეთ უშვებს სულ მცირე ორ (თუმცა საკვანძო) შეცდომას ესეს არგუმენტაციის საფუძველშივე.

ფაქტობრივი შეცდომები

ისტორიის ავტორისეული ინტერპრეტაცია შემდეგნაირია: 1988 წელს შეიქმნა ოსური მოძრაობა ადამონ ნიხასი, დაიწყო ეთნიკური დაპირისპირება. დაპირისპირების საწყის ეტაპზე ქართველებს ჰქონდათ უპირატესობა, რომელსაც, წერს ავტორი: „ისინი [sic] იყენებდნენ ისე, რომ ამ ისტორიის მოყოლა...არც გმირულ და არც მარტიროლოგიურ თხრობით მოდუსს არ შეესაბამება“. შემდგომში, ეთნიკურ ნიადაგზე ორმხრივი ჩაგვრის გამოცდილების საკმაოდ არეული გაშუქების შემდეგ, ავტორი განიხილავს საქართველოს წილი დანაშაულის კონკრეტულ მაგალითებს: იგი უარყოფითად აფასებს 1990 წლის საარჩევნო კანონს, „რომელიც კრძალავდა რეგიონული პარტიების მონაწილეობას [საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში]“ და რომელიც, ავტორის თვალსაზრისით, განზრახ იყო გათვლილი ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური უფლებების წინააღმდეგ. ანდრონიკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ამ კანონის მიზეზ-შედეგობრივ გავლენაზე კონფლიქტის შემდგომ ესკალაციაზე: სამხრეთ ოსეთში არჩევნების ბოიკოტზე, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია, წერს ავტორი: „სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევა, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთის მიერ ცალმხრივი დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადების შესახებ, რასაც შემდეგ უკვე მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი.“ მოკლედ რომ ვთქვათ, ვინაიდან ესეში ავტორი ეძებს საქართველოს მხრიდან დაშვებულ შეცდომებს, უკანასკნელნი იყვნენ აღმოჩენილნი და კლავიატურის გამბედავი კაკუნით დაბრუნებულიყვნენ გულმავიწყობიდან.

თუმცა, მოვლენების ანდრონიკაშვილისეული შეფასება ეფუძნება ფაქტობრივ შეცდომებს. სინამდვილეში ისტორიის ეს მონაკვეთი გამოიყურება ასე: სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭო პირველი აცხადებს ავტონომიურ ოლქს საბჭოთა რესპუბლიკად, ანუ აცხადებს საქართველოს სსრ-სგან დამოუკიდებლობას. შემდგომში, მომდევნო თვეების მანძილზე თბილისისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში საბჭო კიდევ ოთხჯერ ადასტურებს საქართველოსგან დამოუკიდებლობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, და ამ დაპირისპირებას აგვირგვინებს უკანონო არჩევნებით - მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აუქმებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიას.

უფრო ვრცლად კი ესკალაციის ამ მონაკვეთს და სავარაუდო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს აქვს შემდეგი ქრონოლოგია:

⁃ 10 აგვისტოს 1990 წელს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატების საბჭო ღებულობს „დეკლარაციას სუვერინიტეტის შესახებ“, რომელშიც აცხადებს სამხრეთ ოსეთს საბჭოთა რესპუბლიკად (ანუ ფაქტობრივ გასვლას საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან);

⁃ შემდეგ სესიაზე, 20 სექტემბერს 1990 სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატების საბჭო უკვე ოფიციალურად აცხადებს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს;

⁃ 16 ოქტომბერს 1990 სახალხო დეპუტატების საბჭო კვლავ იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც აფიქსირებს დეპუტატების ერთგულებას 10 აგვისტოს და 20 სექტემბრის გადაწყვეტილებების მიმართ;

⁃ 22 ნოემბერს 1990 უშედეგო პროტესტების შემდგომ, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აუქმებს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის/სტატუსის ამაღლების შესახებ;

⁃ 28 ნოემბერს 1990 სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატების საბჭო უკვე მეოთხედ იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც ადასტურებს სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსგან დამოუკიდებლობის შესახებ;

⁃ იმავე დღეს, 28 ნოემბერს 1990 სამხრეთ ოსეთის საბჭო ამტკიცებს შენიშვნების ნუსხას ახალი „სამოკავშირეო ხელშეკრელების“ პროექტთან დაკავშირებით და ამტკიცებს დელეგატებს, რომლებიც უნდა ჩავიდნენ მოსკოვში, მიაწოდონ აღნიშნული შენიშვნები და დაალობირონ სსრკ-ის უზენაესი საბჭოს მიერ სამხრეთ ოსეთის ახალი სტატუსის აღიარება. *არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისთვის მიდიოდა ისეთივე დიდი ბრძოლა, როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის - მარტივად რომ ვთქვათ, იმპერიის მომავალი იყო გაურკვეველი, და ამ ფონზე სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები იწვევდა საფუძვლიან შფოთვას;

⁃ 9 დეკემბერს 1990 საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთში ტარდება არჩევნები ახალ უზენაეს საბჭოში, რომლის შედეგად საბჭოში უმრავლესობა დაიკავა ადამონ ნიხასმა;

⁃ 11 დეკემბერს 1990, ანუ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მიღებიდან მთელ ოთხ თვეში (და არა პირიქით), ახლადარჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ოღებს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების შესახებ. რთული სათქმელია, თუ რამდენად არსებობდა სივრცე კომპრომისტებისთვის.

მეორე შეცდომაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ასევე, გამომდინარეობს ესეს პათოსიდან (ქართული ისტორიული მეხსიერებისთვის არასასიამოვნო ფაქტების გამოაშკარავების მცდელობიდან) და ეხება ანდრონიკაშვილის შეფასებას, რომ 1990 წელს მიღებული საარჩევნო კანონი იყო დისკრიმინაციული, და რომ მან ითამაშა „მნიშვნელოვანი, თუ არა გადამწყვეტი“ როლი ქართულ-ოსური ეთნიკური დაპირისპირების ესკალაციაში.

ასეთი ინტერპრეტაცია ნაკლოვანია ერთდროულად სულ მცირე სამი თვალთახედვით.

⁃ პირველი, რეგიონალურ და გეოგრაფიულ პრინციპზე დაფუძნებული პარტიების შეზღუდვა გავრცელებული პრაქტიკაა, მით უმეტეს, საქართველოს შემთხვევაში კანონის მიღების პერიოდში ქვეყანაში არსებობდა სამი რეგიონალური პარლამენტი, რომელიც უფრო მაღალ გარანტიას იძლეოდა რეგიონების მოსახლეობის ინტერესების წარმომადგენლობისთვის და დაცვისათვის. აქედან გამომდინარე, ერთადერთი თეორიული შენიშვნა, რაც ამ კანონის გავლენას შეეხება, შეიძლება იყოს დაკავშირებული საქართველოს სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობების ინტერესების წარმომადგენლობასთან. თუმცა, ამ საკითხს ავტორი ტოვებს ყურადღების მიღმა. ამის შესაძლებელი ახსნა იმაშია, რომ ანდრონიკაშვილისთვის ცნობილია, რომ, მიღებული საარჩევნო კანონის მიხედვით, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატების ნახევარი აირჩეოდა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, რაც პარლამენტში რეგიონალური და, შესაბამისად, მრავალეთნიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლეოდა. შესაძლებელია საარჩევნო კანონის კიდევ რამდენიმე ასპექტზე ყურადღების გამახვილება, თუმცა მაღლა აღნიშნული დეტალების გათვალისწინება უკვე საკმარისია, იმისთვის რომ ანდრონიკაშვილის საარჩევნო კანონის შეფასებაში დავინახოთ ერთგვარი ტენდენციურობა.

⁃ მეტიც, ესეს პათოსში იკითხება ისიც, რომ კანონის ასეთი ვერსიის მიღება იყო განპირობებული ქართული ნაციონალიზმის ავი განზრახვით, რაც ანდრონიკაშვილის მიერ დაკავებული ინტელექტუალური პოზიციისთვის წარმოადგეს წარმოსაჩენ მაგალითს იმისა, თუ როგორ გამოდიოდა ეთნიკურად ქართული უმრავლესობა უახლოეს წარსულში მოძალადის როლში. სამწუხაროდ, ასეთი შეფასება, ასევე, არ ითვალისწინებს საარჩევო კანონის მიღების ისტორიას: კანონის მიღება მიმდინარეობდა მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს ჯერ კიდევ კომუნისტების მართულ უზენაეს საბჭოში. ორდღიანი სესიის განმავლობაში განხეთქილების საკვაძნო საკითხი იყო არჩევნების პროპორციული ნაწილის შემოღება, ვინაიდან თავდაპირველი კანონპროექტი ითვალისწინებდა მხოლოდ მაჟორიტარული პრინციპით მოწყობილ არჩევნებს. საბოლოო ჯამში, სესიის მეორე დღეს, გვიან საღამოს კომუნისტები წავიდნენ დათმობაზე და მიიღეს ნახევრადმაჟორიტარულ-ნახევრადპროპორციული საარჩევნო სისტემა. ამგვარად, საქართველოს სსრ გახდა ერთადერთი საბჭოთა რესპუბლიკა შერეული საარჩევნო სისტემით. კავშირის დანარჩენ ქვეყნებში მოქმედებდნენ მხოლოდ სრულიად მაჟორიტარული სისტემები.

⁃ დაბოლოს, საარჩევნო კანონი იყო მიღებული 1990 წლის 18 აგვისტოს, ანუ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის მიღებიდან 8 დღეში. აღნიშნული ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს ანდრონიკაშვილის ესეში გამოთქმულ კანონთან დაკავშირებულ მიზეზ-შედეგობრიობას ან, როგორც მინიმუმ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიმართულებას.

⁃ წინსწრებით, აქვე შევაფასებ 14 აგვისტოს 2022 წლის მომავალ ესეებს და დავძენ, რომ აფხაზეთის სახალხო ფრონტის მაშინდელი თავმჯდომარე, სერგეი შამბა, გაზეთ კომერსანტის კომენტარში (20.08.1990, ნომერი 33) აღნიშნავს, რომ მიღებული საარჩევნო კანონის გავლენა რეგიონალურ პარტიებზე აფხაზეთის სახალხო ფრონტში არც განიხილება, ვინაიდან უკვე მზადდება გადაწყვეტილება აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფის თაობაზე. როგორც ჩანს, სეცესიონისტურმა ძალებმა თავიდნავე დაიჭირეს რადიკალური პოზიცია.

დარწმუნებული ვარ, რომ ესეში აღმოჩენილი ფაქტობრივი შეცდომები დაშვებულია უნებლიეთ, ხოლო ანდრონიკაშვილის ტენდეციურობა გამოწვეულია - კვლავ გავიმეორებ - ესეში დაჭერილი ინტელექტუალური პოზიციით.

კონფლიქტებთან დაკავშირებული არგუმენტაციის გავრცელებული ნაკლოვანებები

ანდრონიკაშვილი სწორად, თუმცა ძალიან მოკლედ, აღნიშნავს, რომ ქართულ-ოსური პოზიციების პოლარიზაცია და უკიდურესი რადაკალიზმი იყო განპირობებული დემოკრატიული მსჯელობის პოლიტიკური კულტურის არარსებობით და საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკით. ეს არის ისტორიის ძალიან სწორი ანალიზი, რომელიც, ამავე დროს, ინტელექტუალური თვალსაზრისით, სამწუხაროდ ხშირად, გამოიყენება არაკეთილსინდისიერად. კონფლიქტებთან დაკავშირებული ტენდენციური პოზიციების შეფუთვისთვის ხშირად იყენებენ შემდეგ არგუმენტს: საბოლოო ჯამში ორივე მხარე დამნაშავეა. ანდრონიკაშვილიც არ არის ამაში გამორჩეული: „ორივე [ქართველები და ოსები] იზიარებს ერთსა და იმავე საკომუნიკაციო ენას: ძალადობას, როგორც კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზას. სხვა შესაძლებლობა უბრალოდ არც განიხილება.“

თუმცა, ბევრი თვალსაზრისით ასეთი სწორი შეფასება, მაინც ვერ აღწევს ინტელექტუალური პროფესიონალიზმის სათანადო დონეს, რადგან ნამდვილი ობიექტურობა არ შედგება მხოლოდ გამოცხადებულად დავიწყებული ფაქტების ან მხარეების გაშუქებით - ობიექტურობის შემადგენელი ნაწილი ასევე არის მოვლენების მნიშვნელობის ხვედრითი წილის სწორი ანალიზი. სხვა შემთხვევაში, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შეფასება იქნება გაუკუღმართებული. ამ კონკრეტული არგუმენტის თვალსაზრისით, კონფლიქტის ობიექტური შეფასების გასაღები ძევს არა მხოლოდ ორივე მხარის დამნაშავედ გამოცხადებაში, არამედ კონკრეტულ ანალიზში, თუ ვინ, როდის და რა სიმძიმის შეცდომა ან დანაშაული ჩაიდინა, და თუ რა როლს ასრულებდნენ ამ პროცესში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტები. თუმცა, ეს შეფასებებიც არ უნდა იყოს დაფუძნებლი „მარტივი საღი აზრის“ საზომზე - პირიქით: შესაბამისი ანალიზი უნდა ითვალისწინებდეს ისტორიული მოვლენების სოციოლოგიურ მექანიკას, მაგალითად იმას, თუ რაოდენ ტრაგიკულ კავშირშია უმცირესობის და უმრავლესობის ნაციონალიზმების დინამიკა. აქ კი უაღრესად მნიშვნელოვანია ფაქტების ცოდნა, სიზუსტე და კონკრეტიკა, თუმცა წინამდებარე კრიტიკა არ ეფუძნება მხოლოდ ანდრონიკაშვილის ესეს (რომლის გამოცხადებული მიზანი უფრო ვიწროა და გულისხმობს საქართველოსთვის დამახასიათებელი „გმირული და მარტვილური“ ისტორიული მეხსიერების მოდუსის გაბათილებას). ჩემი კრიტიკის ამოცანაა განვაზოგადოთ ესეს დასაწყისში აღნიშნული ინტელექტუალური პოზიციის ნაკლოვანებები, რომელიც წარმოშობს ზედაპირზე სწორი ფორმის, თუმცა შინაარსგამოცლილ აზრებს.

გავაგრძელებ კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტორის ანალიზით. ზუსტად ისე, როგორც ესაა დამახასიათებელი სხვა მსგავსი ნარატივებისთვის, ანდრონიკაშვილის ამ ესეშიც რუსეთის ფაქტორი ბუნებრივად რჩება პერიფერიაზე და ამბივალენტური. რუსეთს ანდრონიკაშვილი ახსენებს მხოლოდ ერთი წინადადებით: „რუსეთმა ჯერ მისცა ქართველებს სამხედრო უპირატესობის მოპოვების საშუალება, შემდეგ უკუაგდო და ჩადგა (sic) შუამავლად.“ ამდენად, ფართო სურათის არდანახვით, კონფლიქტის მიზეზების უდიდესი ხვედრითი წილი ავტომატურად ეკისრება საქართველოში არსებულ ეთნიკურ დაპირისპირებას. ამ პოზიციის ხშირი გაგრძელება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არ ეხება ანდრონიკაშვილის ცხინვალის ომის დაწყების წლისთავისთვის მიძღვნილ ესეს) არის ის, რომ აბსტრაქტული ობიექტურობისკენ მოწოდებას ემატება აზრი, რომ კონფლიქტის არიდების და კომპრომისის მიღწევის პასუხისგებლობის ხვედრითი წილი ნაწილდება ერების ზომების პროპორციულად, ან/და - ინტელექტუალური წუწუნისთვის დამახასიათებელი რიტორიკული შეკითხვა: „მზად ვართ კი აფხაზების და ოსების დაბრუნებისთვის?!“ რომ განვაზოგადოთ, ეს ნარატივი გამოიყურება შემდეგნაირად: ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური ლიდერების ნაკლოვანებებმა თავდაპირველად მიგვიყვანეს ომამდე, დღეს კი იგივე ნაკლოვანებები აფერხებს ქვეყნის რეინტერგაციას.

სავარაუდოდ, ასეთი შეხედულებები გამომდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების კომპლექსურობის მცდარი ანალიზიდან. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები შედგება ორი გადაჯაჭვული განზომილებისგან: ლოკალური კონფლიქტებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისგან. პოზიციისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება ფართო საზოგადოებაში არსებულ ხედვებს (ანუ კონფლიქტების რუსეთთან დაკავშირებას), დამახასიათებელია შემდეგი ლოგიკური სვლა: რომც გვერდზე გადავდოთ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტი, ჩვენ მაინც გვრჩება ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტები… თუმცა, ამის შემდეგ არგუმენტაცია არ ვითარდება; რჩება მხოლოდ ა) ჩივილი იმის თაობაზე, რომ ჩვენ მეტი უნდა ვიფიქროთ ოსური და აფხაზური საზოგადოებების ინტერესების გათვალისწინებაზე, და ბ) ერთადერთი შეთავაზება, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, და ამით შევცვალოთ კონფლიქტების დინამიკა, და არ დავუშვათ იგივე შეცდომები მომავალში.

ვერ დავეთანხმები ამ ჩივილს. ამ წლების მანძილზე ჩვენმა საზოგადოებამ გაიარა დიდი გზა თანასწორობისკენ და, ბევრი შიდაპოლიტიკური პრობლემის მიუხედავად, საქართველოში არსებობს მძლავრი პოლიტიკური კონსენსუსი, რომ კონფლიქტებით დაზარალებული საზოგადოებები უნდა დაადგნენ კომპრომისების გზას, იმისთვის რომ ჩვენ ვისწავლოთ თანაცხოვრება ერთ სახელმწიფოში და არ დავუშვათ კიდევ ერთი შეირაღებული კონფლიქტი. თუმცა როგორც ჩანს ისტორიული გამოცდილებიდან, საქართველოს მართლაც აქვს მიდრეკილება ერთგვარ უმართავობისკენ, რომელიც აუცილებლად იქნება ბოროტად გამოყენებული. ამიტომ საჭიროა მუდმივი მუშაობა ტოლერანტობის კონსენსუსის გამყარებისთვის, მით უმეტეს როცა ნათელია, თუ როგორი ფაქიზია ეს ბალანსი; და არავინ დაობს შეცდომების და პრობლემების აღიარებაზე. დავა კი მიმდინარეობს კონფლიქტების მრავალგანზომილებიანობის ანალიზთან დაკავშირებით: როგორც ჩანს, ლოკალური, მეტიც, ინდივიდუალურ დონეზე არსებული კონფლიქტების ინდუქციური ანალიზი გვიბიძგებს მიზეზ-შედეგობრიობის არასწორ შეფასებამდე. ხოლო კონფლიქტის დინამიკის შეცვლისთვის არსებობს სხვა აუცილებელი პირობა.

რუსეთის ფაქტორის სისტემური ანალიზი

საქართველოში არსებულ ეთნიკურ კონფლიქტებთან მიმართებით რუსეთის როლის განსაზღვრა და დღესდღობით ამ საკითხთან დაკავშირებული ბუნდოვანების დაძლევა საჭიროებს ლოგიკაზე დაფუძნებულ, სისტემურ ანალიზს. ამ ესესთვის შემოვიფარგლოთ გვიანი საბჭოთა კავშირის კონტექსტის ანალიზით. მავნე საბჭოთა ნაციონალურმა პოლიტიკამ, როგორც ამას სწორად აღნიშნავს ანდრონიკაშვილიც, უკვე შექმნა კონფლიქტის ბევრი წინაპირობა: დემოკრატიული საზოგადოებრივი ცხოვრების კულტურა იყო განადგურებული, სამოქალაქო პრინციპზე აწყობილი საზოგადოების ნაცვლად, საბჭოთა ხელისუფლებამ გაამყარა საზოგადოების ეთნიკური დაყოფა და შექმნა პარალელური, თუ არა საპირისპირო, ნაციონალური ნარატივები. შედეგად მივიღეთ ფეთქდებადი სიტუაცია და ეთნიკური დაპირისპირების კონკრეტული მაგალითების სწრაფი მატება. როგორც მაღლა აღვნიშნე, ხშირად „ობიექტური“ ანალიზი შემოიფარგლება ქართული მხარის შეცდომების ანალიზით და კონფლიქტის ესკლაციის დინამიკა უკავშირდება საზოგადოების დონეზე არსებულ ნაციონალიზმის გახშირებულ გამოვლინებებს. ჩვენ კი გვრჩება მხოლოდ გაკვირვება იმაზე, თუ რაოდენ შემზარავი შეიძლება იყვნენ ადამიანები, და რაოდენ სწრაფად ივსება ენერგიით ეთნიკური დაპირისპირების მქნევარა. ასე გამოიყურება არგუმენტი „ორივე მხარე დამნაშავეა“. თუმცა, იმისთვის, რომ ამ ცოდნიდან საზოგადოებამ გამოიტანოს ქმედითი გაკვეთილი, ჩვენ ასევე უნდა შევაფასოთ ინსტიტუციური ველის გავლენა საზოგადოებრივ დაპირისპირებებზე. ისტორიული ანალიზი გვიჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის დაარსებისთანავე ეთნიკური დაყოფა იყო ინსტრუმენტალიზებული და ინსტიტუციონალიზებული. მეტიც: უფრო ხშირად ეთნიკური დაპირისპირება უბრალოდ ირეკლავდა მთავარს, ინსტიტუციურ დაპირისპირებას. საზოგადოებრივი ერთიანობის გამყარების მაგივრად, საბჭოთა ინსტიტუტებმა განაპირობეს განცალკევება და დაპირისპირების აკუმულირება. ხოლო ქრონოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ომამდელი სეპარატისტული კონფლიქტების ესკალაციის დინამიკა ვითარდება ზუსტად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პარალელურად.

ილუსტრაციისთვის მიზანშეწონილი იქნება კიდევ ერთი კონკრეტული ისტორიული ფაქტის განხილვა, რომელიც ნათელს მოჰფენს რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობას და მის კავშირშს ეთნიკურ დაპირისპირებასთან და საბჭოთა იმპერიის შენარჩუნების მცდელობასთან. 1990 წლის აპრილში სსრკ-ს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული იყო მთელი რიგი კანონპროექტებისა, რომელიც მიმართული იყო დაპირისპირების რადიკალიზაციაზე. მაგალითად, 1990 წლის 3 აპრილს მოსკოვში მიღებულ იქნა კანონი „სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავდა იმპერიის გავლენების შენარჩუნებას და ინსტიტუციურად გამოიყურებოდა შემდეგნაირად: კანონის მიხედვით, საბჭოთა კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლა ხდება რეფერენდუმის გზით. თუმცა, კანონის მე-3 და მე-4 მუხლები, ასევე, აკონკრეტებენ, რომ მოკავშირე რესპუბლიკაში, რომლის შემადგენლობაში შედიან ავტონომიური რესპუბლიკები ან/და ოლქები ან/და არსებობს ეთნიკური ჯგუფების კომპაქტურად დასახლების ადგილები, რეფერენდუმის შედეგები დგინდება ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული ტერიტორიული კატეგორიისთვის ინდივიდუალურად. ხოლო იმავე კანონის მე-6 მუხლი დასძენს, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლისთვის საჭიროა რეფერენდუმით მიღებული ხმების მინიმუმ ორი მესამედი. კანონმა, ასევე, მიანიჭა ავტონომიებს და კომპაქტურად დასახლებულ უმცირესობებს უფლება წამოეყენებინათ საკითხი თავის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით. ამ კანონმა იქონია მკაფიოდ უარყოფითი გავლენა დემოკრატიულ პროცესებზე, რადგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიაბა ეთნიკური დაპირისპირება.

რთულია გააანალიზო რუსეთის ფარული ჩართულობა (და უშიშროების პროვოკატორების როლი ეთნიკური დაპირისპირების კონკრეტულ მოვლენებში), თუმცა ზედაპირზე არსებული ინფორმაციაც სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ გაიფანტოს ეჭვები რესეთის როლთან დაკავშირებით: პოლიტიკური კრიზისის დროს საბჭოთა კავშირის კულტურული და ინსტიტუციური მემკვიდრეობის გამოყენებით რუსეთის იმპერიალისტური ელიტები მოქმედებდნენ იმგვარად, რომ გაეღრმავებინათ ეთნიკური და ინსტიტუციური დაპირისპირება და მოეხდინათ პროცესების რადიკალიზაცია; შეირაღებული ფაზის დროს კი ფაქტობრივად პირდაპირ ჩაერთვნენ ომში. რუსეთი მიმართავდა ყველა ხერხს, რათა დაეტოვებინა საქართველო თავის გავლენის სფეროში.

ლოგიკის ენაზე არტიკულირებული რუსეთის ფაქტორი წარმოადგენს ე.წ. inus condition-ს, ანუ არასაკმარის, მაგრამ განუყოფელ ნაწილს იმ პირობისა, რომელიც უკვე საკმარისია კონკრეტული შედეგისთვის. რომ გავშალოთ, ანალიზის სიზუსტისთვის, განვასხვავებთ საბჭოთა პოლიტიკის მემკვირდეობასა (ეთნიკურ დაპირისპირებას და პოლიტიკური ინსტიტუტების მოშლას) და რუსეთის ფაქტორს. ცალკე აღებული რუსეთის ფაქტორი წარმოადგენს დღევანდელი კონფლიქტებისთვის არასაკმარის, თუმცა აუცილებელ ნაწილს სხვა არააუცილებელი, თუმცა შედეგისთვის საკმარისი პირობისა. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის ფაქტორის გარეშე საბჭოთა მემკვიდრეობით განპირობებული ეთნიკური დაპირისპირება და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის გამოცდილების არარსებობა არ იქნებოდა საკმარისი კონფლიქტის ასეთი რადიკალიზაციისთვის და, შემდგომ, დღევანდელი შედეგისთვის. იგივე ლოგიკა მუშაობს მომავლის პერსპექტივით: რუსეთის ფაქტორის განეიტრალება წარმოადგენს არასაკმარის, მაგრამ აუცილებელ პირობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და საზოგადოებრივი რეინტეგრაციისთვის. ხოლო ქართულ-ოსური კონფლიქტის განვითარების მექანიკასთან დაკავშირებით, რომელიც, ანდრონიკაშვილის ვარაუდით, გამოირჩეოდა ორივე მხრიდან მხოლოდ ძალადობაზე ფსონის დადებით, შეიძლება გამოითქვას შემდეგი ვარაუდი: რუსეთის ელიტების მიერ საერთაშორისო ურთიერთობების ნორმების და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უგულებელყოფა, ასევე, წარმოადგენდა ცხინვალში არსებული სეცესიონისტური ძალების რადიკალიზმის არასაკმარის, მაგრამ აუცილებელ პირობას.

ისტორიული მოვლენების ანალიტიკური გააზრება

რაც შეეხება ისტორიულ რიტორიკას და, ასევე, „პრაქტიკას“, ის დიდწილად არის განპირობებული არსებული ისტორიული გარემოებებით და იმ პოზიციებით, რომელზეც დგანან (ან რომელსაც ებრძვიან) მხარეები - იმავენაირად, როგორც ანდრონიკაშვილის ესეს სისუსტეები გამომდინარეობენ ავტორის ინტელექტუალური პოზიციონირებიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მხრიდან სხვა, უფრო შემრიგებელი რიტორიკა, როგორც ჩანს, ვერ იქნებოდა საკმარისი კონფლიქტის ასარიდებლად, რადგან ეს პროცესები იყო სხვა უფრო მასშტაბური მოვლენების ნაწილი. პოლიტიკური კომპრომისების მხრივ კი, ალბათ, მეტი იყო შესაძლებელი, თუმცა დასკვნების გასაკეთებლად აუცილებელია კონკრეტიკა და ფაქტოლოგიურად სწორი ანალიზი. ამასთან, აღვნიშნავ, რომ არსებული მოცემულობის მიმართება ისტორიულ პროცესებთან არანაირად არ ამართლებს არც ერთი მხარის დისკრიმინაციულ რიტორიკას და არაჰუმანურ მოქმედებას. მაგრამ უახლოესი ისტორიის ტრაგედიები არ უნდა გახდეს თვითგვემის ან საპირისპირო უკიდურესობაში გადავარდნის მიზეზი. და ისტორიული მოვლენების გააზრების კუთხით, ანდრონიკაშვილის ესეს შეფასება გვაძლევს კარგ მაგალითს: ესეს „ცხინვალის ომი - 30 წლის შემდეგ“ მარტივი შინაარსობრივი ან ფაქტობრივი კრიტიკა ავტორის ინტელექტუალური პოზიციის გაგების გარეშე ვერ გაცდებოდა გასაკრიტიკებლის ინტელექტუალურ ველს. ანალოგიურად, „მარტივ საღ აზრზე“ დაფუძნებული მორალისტობა წარსულის ნამდვილად შემზარავ ტრაგედიებთან დაკავშირებით, ვერ დაგვეხმარება ვერც ისტორიის სწორ გააზრებაში, ვერც წარსული ტრავმების გადალახვაში და კონფლიქტური საზოგადოებების შერიგებაში. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით კონფლიქტის ლოკალურ განზომილებასთან, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ფართო ისტორიული სურათი.

სამწუხაროდ, ბუნდოვანი წუწუნი კონფლიქტებზე, ისტორიის არასრულფასოვანი ცოდნა, ცალმხრივი არგუმენტაციის და ტენდეციური ანალიზის მთელი რეპერტუარი მიგრირებს მშვიდობაზე მომუშავე ორგანიზაციების დაწერილი ერთი კვლევიდან მეორეში, და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამყარებს კონფლიქტოლოგიის დარგში ბევრ კარიერას. ბევრ შემთხვევაში ეს გამიზნულად არჩეული პოზიციაა, უფრო ხშირად კი - გულრწფელად, მაგრამ გულუბრყვილოდ, თავისი ინტელექტუალური პოზიციის გააზრების გარეშე. ხოლო ერთადერთი პოზიცია, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ გავაფართოვოთ მსჯელობის ველი და გავთავისუფლდეთ მძიმე წარსულის დეტერმინანტებისგან არის ინტელექტუალური კეთილსინდისიერება.

დასკვნა

ჩემმა კრიტიკამაც უნდა ითამაშოს მომდევნო დისკუსიებისთვის ახალი დეტერმინანტის როლი. წინამდებარე ესეში შევეცადე კონფლიქტებზე დისკუსიის ახალი კოორდინატების შექმნით გამეფართოვებინა აზროვნების ველი და, ზოგადად, დამემტკიცებინა, რომ აბსტრაქტული საზოგადოებრივი აზრების წინააღმდეგ იმავენაირად აბსტრაქტული გალაშქრებები აღარ უნდა იყოს საკმარისი ინტელექტუალური ამბიციის დასაკმაყოფილებლად. საჭიროა ფაქტების ზედაპირული ცოდნიდან და მორალისტური შეფასებებიდან გადავიდეთ კომპლექსურ, სისტემურ და სიღრმისეულ მსჯელობაზე, რომელიც გამყარებული იქნება სიღრმისეული ცოდნით. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ არ გავიმეოროთ წარსულში დაშვებული მსჯელობის შეცდომები და არ გავამრავლოთ ბანალურობა. სიღრმისეული ცოდნის გარეშე კი ნებისმიერი მსჯელობა - ვეყრდნობი რა ანდრონიკაშვილის მეტაფორას - დაემსგავსება მშენებლობას საძირკველზე, „...რომელსაც უკვე სიდამპლე აქვს შეპარული და ვერ გაუძლებს მასზე ვერაფრის დაშენებას.“

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG