Accessibility links

logo-print logo-print

ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანის დასაწყისია - კახა კალაძე "ქართული ოცნების" ყრილობაზე


"მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ იდეის სულისჩამდგმელმა, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დროს მოვიდა პოლიტიკაში, შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია მაშინ, როდესაც ყველა იმედი დაკარგული ჩანდა, ჩვენს ხალხთან ერთად დაამარცხა მოძალადე რეჟიმი და საქართველოში თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა.

ამ და შემდგომი დიდი გამარჯვებების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მას და მთლიანად ჩვენს გუნდს მესამე ვადით გამოგვიცხადა ნდობა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნებით, გამარჯვებულმა დატოვა პოლიტიკა და ამ გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ ყველას დაგვანახა, თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უანგარო მსახურება.

ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას.

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე ვსაუბრობთ. რასაკვირველია, ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანის დასაწყისია, როგორც მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება, თავისუფლება დავუბრუნეთ", - ასე მიმართა თბილისის მერმა პარტია "ქართული ოცნების" ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს, სადაც პარტიას ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა აერჩია.

"წინ უამრავი გამოწვევაა - საქართველოს ყოველთვის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში უწევდა გზის გაკვალვა, გადარჩენა და კონტექსტი დღესაც რთულია, თუმცა დღეს, ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა.

პირველ რიგში უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ყველა სირთულე და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ქვეყნის ეკონომიკა, განვითარების სწორ რელსებზე.

ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებით დასრულდეს და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე შევიტანოთ განაცხადი - ეს ნიშნავს ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს ნიშნავს ღირსეულ შემოსავალს თითოეული მოქალქისათვის, ეს ნიშნავს უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს გარემოს, დაცულობას, უსაფრთხოებას და უკეთეს ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ, ეს უნდა შევძლოთ", - თქვა კახა კალაძემ და იმედი გამოთქვა, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წარმატებული იქნება თავის ახალ პოზიციაზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში.

"ირაკლი სრულად გაამართლებს როგორც ჩვენს, ისე, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი მხარდამჭერების იმედებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

16 იანვრის პარტიის ყრილობაზე ქართული ოცნების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს, დაამტკიცეს ასევე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს 9 აქტივისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG