Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, დუმილის უფლებას იყენებს და დაცვაზეც უარს ამბობს - ადვოკატი


ყოფილი პოლიციელი, რომელმაც ქალაქ კასპში ერთ-ერთ საწარმოში შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა, დუმილის უფლებას იყენებს და დაცვაზეც უარს ამბობს. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს.

„არანაირ ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას, დუმილის უფლებასაც იყენებს. საერთოდ ყველანაირ საგამოძიებო მოქმედებაზე აცხადებს უარს, დაცვაზეც კი“, - ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ ბრალდებული „ძალიან აღელვებულ მდგომარეობაშია“.

თავდამსხმელი 16 იანვარს დააკავეს, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, ის ითხოვდა მანქანას და ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციაში გადასვლას.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა სამინისტრო 2018 წელს დატოვა პირადი პატაკის საფუძველზე, მძევლების აყვანამდე კი პოლიციას მიმართა განცხადებით, სადაც დახმარებას ითხოვდა, რაზეც გამოძიება დაიწყო. მეტ დეტალს კი, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ამ დროისთვის არ ასაჯაროებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG