Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედის ინფორმაციით, კაცი, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, იზოლატორში შიმშილობს


28 წლის გიორგი მენაბდიშვილმა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში საკვების მიღებაზე უარი განაცხადა და შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ დაკავებულის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მენაბდიშვილი - რომელიც 16 იანვარს კასპში დააკავეს ორი ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით - დაცვის უფლებითაც არ სარგებლობს და დუმილის უფლებას იყენებს. ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია და აუცილებელია სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა.

ბრალდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კაცს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. მენაბდიშვილმა კასპის შს სამმართველოს დასახმარებლად არაერთხელ მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

დაკავებულის დედა აცხადებს, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც უნდა დაიწყოს, რადგან მისმა შვილმა მძევლები 2 საათში გაათავისუფლა, ამის შემდეგ კი თვითმკვლელობას აპირებდა, რადგან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბიზნესპარტნიორების მხრიდან.

შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ, 16 იანვარს, კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებული პოლიციის თანამშრომელი იყო და მისი რიგები 2018 წელს დატოვა:

„რამდენიმე დღის უკან მოგვმართა განცხადებით, კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან იყო მუქარა. დღეს ითხოვდა, რომ მანქანა გამოეყოთ და დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ის ითხოვდა, რომ წასულიყო რუსეთში“, - განაცხადა ბორცვაძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს ქურდული სამყაროს წევრები ემუქრებოდნენ, რის შესახებაც ორი დღის წინ პოლიციას აცნობა. ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრებს.

დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ, რომლის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG