Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ "კოვაქს პლატფორმას" უნდა აცნობოს, რამდენად არის მზად ვაქცინის მისაღებად


საქართველომ საერთაშორისო „კოვაქს პლატფორმას“ დღეს უნდა გაუგზავნოს საპასუხო წერილი და დეტალურად განმარტოს, რამდენად მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად.

საქართველომ საერთაშორისო პლატფორმისგან წერილი გასულ კვირაში მიიღო. ამის შესახებ ცნობილი გახდა 15 იანვარს, ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტი "კოვაქს პლატფორმისთვის" დამაკმაყოფილებელი იქნება და ქვეყანა ვაქცინას უახლოეს მომავალში მიიღებს: "შევიმუშავეთ მარეგულირებელი ჩარჩო, რათა საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიცირებაც განხორციელდა. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული, თუ როგორია ქვეყანის მზაობა".

ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებულია 2021 წლის პირველი კვარტალი. საქართველო პირველ ეტაპზე ელოდება Pfizer-ის ვაქცინის მიღებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა გათვლილია 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 60%-ზე.

„კოვაქს პლატფორმა” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნებისთვის ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა, რომელმაც მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე უპირატესობას ანიჭებს ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის, ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneсa-​ს და ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილ ვაქცინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG