Accessibility links

logo-print logo-print

ცხინვალში ზაზა გახელაძის დღევანდელი პროცესი დასრულდა


ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დღევანდელი პროცესი დასრულდა. "ეხო კავკაზას" რეპორტიორის ცნობით, სხდომაზე რამდენიმე მოწმე და თავად განსასჯელი დაკითხეს. მიმდინარე საქმეზე გამოცხადდა შესვენება, სხდომა კი, მისი ცოლის ინფორმაციით, 25 იანვარს გაგრძელდება.

საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს ბრალდება, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზაზა გახელაძეს 322-ე მუხლითაც ედავებიან, რაც "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" გულისხმობს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს. გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. ეს საკითხი დეკემბერში განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდზეც, მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG