Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი 98 პოზიციით ჩამოქვეითდა უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში


დემონსტრანტთა დაკავება მინსკში. 2020 წ. 29 ნოემბერი.
დემონსტრანტთა დაკავება მინსკში. 2020 წ. 29 ნოემბერი.

ბელარუსმა 98 პოზიციით დაიხია უკან უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში. მას ყოველ წელს ადგენს კომპანია Numbeo, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის თაობაზე სტატისტიკურ მონაცემებს აგროვებს.

2020 წლის დამდეგს ბელარუსს მოქალაქეთა უსაფრთხოების თვალსაზრისით 129 ქვეყანას შორის მე-16 ადგილი ეკავა ხორვატიასა და დანიას შორის. 2021 წლის იანვარში მან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა.

წელს რეიტინგში 135 ქვეყანაა. მასში ლიდერობს კატარი, ბოლო ადგილზე კი ვენესუელაა.

ბელარუსში უკვე მეექვსე თვეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და დაუმორჩილებლობის აქციები აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ხალხი მოითხოვს, შეწყდეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან ძალადობა და რეპრესიები და გამოუშვან ყველა პოლიტპატიმარი. ლუკაშენკასგან ისინი გადადგომას ითხოვენ.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ თანახმად, 2020 წლის 9 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 26577 ადამიანი. სასამართლომ პატიმრობის განაჩენი გამოიტანა 6886-ჯერ, ჯარიმის - 3889-ჯერ.

უფლებადამცველთა თანახმად, საპროტესტო აქციების დაშლისას სამართალდამცველებმა სცემეს მინიმუმ 381 ადამიანს. გარდა ამისა, ჰოსპიტალიზებულია 482 ადამიანი. ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ათი ადამიანი, მოკლულია ხუთი.

ამჟამად ბელარუსში 150 პოლიტპატიმარია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG