Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეუფარდეს კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს


გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს. მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა კი თქვა, რომ კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და ამ გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს. როგორც ის აღნიშნავს, მენაბდიშვილი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, მას, როგორც ადვოკატს, ბრალდებულთან საუბრის საშუალებაც კი არ მიეცა. გიორგი მენაბდიშვილი აგრძელებს შიმშილობას და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.

მენაბდიშვილი, რომელიც 16 იანვარს კასპში დააკავეს ორი ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით, დაცვის უფლებითაც არ სარგებლობს და დუმილის უფლებას იყენებს. ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია და აუცილებელია სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა. ბრალდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კაცს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. ​მათი ინფორმაციით, მენაბდიშვილმა კასპის შს სამმართველოს დასახმარებლად არაერთხელ მიმართა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. დაკავებულის დედა ამბობს, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც უნდა დაიწყოს, რადგან მისმა შვილმა მძევლები 2 საათში გაათავისუფლა, ამის შემდეგ კი თვითმკვლელობას აპირებდა, რადგან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბიზნესპარტნიორების მხრიდან.

შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ, 16 იანვარს, კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებული პოლიციის თანამშრომელი იყო და მისი რიგები 2018 წელს დატოვა:„რამდენიმე დღის უკან მოგვმართა განცხადებით, კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან იყო მუქარა. დღეს ითხოვდა, რომ მანქანა გამოეყოთ და დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ის ითხოვდა, რომ წასულიყო რუსეთში“.

არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს ქურდული სამყაროს წევრები ემუქრებოდნენ, რის შესახებაც ორი დღის წინ პოლიციას აცნობა. ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრებს. დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და „ი" ქვეპუნქტებით წარუდგინეს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG