Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის გამოყენება დაიწყეს


სერბი სამხედრო ჩინური ვაქცინით აცრის დროს
სერბი სამხედრო ჩინური ვაქცინით აცრის დროს

სერბეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროპის კონტინენტზე, სადაც 19 იანვრიდან დაიწყეს მოსახლეობის აცრა ჩინეთში წარმოებული კორონავირუსის ვაქცინით. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, პირველი აცრები ჩინური პრეპარატით ქვეყნის ასობით სამხედროს ჩაუტარდა ბელგრადში მდებარე საგამოფენო დარბაზის შენობაში სპეციალურად ორგანიზებულ სივრცეში.

700 სამხედრო მოსამსახურეს შორის ჩინური ვაქცინით აცრა ჩაიტარა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა ნებოიშა სტეფანოვიჩმა, რომელმაც განაცხადა, რომ სრულად ენდობა ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას.

გასულ კვირაში სერბეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა ჩაიტანეს.

გასული წლის 24 დეკემბრიდან სერბეთმა აამოქმედა მასობრივი ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა, რისთვისაც პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვიდა Pfizer-BioNTech-ის 5000 დოზა პრეპარატი.

მაშინვე ითქვა, რომ სერბეთი ასევე გეგმავს, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანოს რუსეთის მიერ წარმოებული პრეპარატი Sputnik V და ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი, რათა ვაქცინის უფრო მეტი რაოდენობით იყოს უზრუნველყოფილი ქვეყნის 7-მილიონიანი მოსახლეობა.

ამ დროისათვის სერბეთში იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში აცრილია 20 000 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG