Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე უარყოფს „ქართულ ოცნებასთან" პირისპირ შეხვედრას


ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა მის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებას. ჯაფარიძე უარყოფს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან პირისპირ შეხვედრას.

„ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, რეალურად შეხვედრები ორი თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ბევრი „ქართულ ოცნებასთან“, ელჩების ფასილიტაციით. იყო შეხვედრა, როდესაც ვესწრებოდით ელჩები, მე და „ქართული ოცნების“ ლიდერები, იყო ასეთი შეხვედრებიც, რომლის დროსაც ჩვენ ვაგრძელებდით მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ და განაგრძო, - „არანაირი ურთიერთობა პირდაპირი ელჩების გარეშე მე არ მქონია „ქართულ ოცნებასთან“, ეს შეხვედრები იყო მხოლოდ და მხოლოდ შეერთებული შტატების ელჩის და ევროკავშირის ელჩის ფასილიტაციით. ამ შეხვედრების შემდეგ ვთვლიდი ვალდებულად, რომ ოპოზიციონერი კოლეგებისთვის გამეცნო მოლაპარაკებების შედეგები“.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის შეხვედრებზე ელჩების მიპატიჟებით მიდიოდა, რომლებსაც ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ზოგ შეხვედრას მის გარდა ოპოზიციიდან სხვა პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

„გახსოვთ, რომ იყო სხვადასხვანაირი ფორმატები, მე და ზურა ჯაფარიძე მიგვიწვიეს, მაგალითად, ევროკავშირის ელჩთან რეზიდენციაში და იქ ესწრებოდნენ ელჩები. იყო შეხვედრა, როდესაც ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი იყო, ვისაც აქვს მანდატი პარლამენტში, ამ 31 ოქტომბრის დამახინჯებული შედეგების საფუძველზე (არჩევნებს ვგულისხმობ). სხვადასხვა ფორმატი იყო, მაგრამ ყველა შეხვედრაში იგულისხმებოდა აუცილებლად ჩვენი მეგობარი ელჩების ყოფნა“, - თქვა ჯაფარიძემ. როგორს ის ამბობს, „ამ პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ ცალკე შეხვედრა არ ყოფილა“.

ჯაფარიძე ჰყვება, რომ ოპოზიციონერ კოლეგებს ატყობინებდა, როდესაც შეხვედრის შესახებ მოწვევას იღებდა, ხოლო, მისი დასრულების შემდეგ მათ მოლაპარაკების შედეგებს აცნობდა.

„რატომ მიმიწვიეს მე ამ შეხვედრებზე? მე არ მგონია რომ ეს ყოფილიყო „ქართული ოცნების“ სპეციალური თხოვნით. ერთ-ერთ შეხვედრაზე მარტო ვიყავი, იყო შეხვედრები, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისც იყვნენ. ასე რომ, აქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ყველა შეხვედრის შედეგი და შინაარსი ცნობილი იყო ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა „ტვ პირველის" ეთერში პარტია „გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება" საკუთარ წინადადებებს ოპოზიციურ პარტიებს აცნობდა ბადრი ჯაფარიძის მეშვეობით.

„ქართული ოცნების“ შემოთავაზებები რაღაც თვალსაზრისით მოჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს ჩემთან ყოველ შემთხვევაში, მე, სადაც ვესწრებოდი იმ შეხვედრებზე. მაშინ არანაირი პრობლემა არ იყო. პირიქით ჩვენ მადლობასაც ვუხდიდით, ჩვენ არ გვიწევდა კომუნიკაცია და ბადრი ჯაფარიძე ამას თავისი ჩვეული ელეგანტურობით ახერხებდა", - თქვა იაგო ხვიჩიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG