Accessibility links

logo-print logo-print

„ევროპელი სოციალისტები“ მოითხოვენ 1 თებერვლიდან საზღვრების გახსნას


ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი.

ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ „ევროპელი სოციალისტები“.

პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ პირველი თებერვლიდან ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გახსნას საზღვრები და აამოქმედოს ყველა სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლაც და ყველა უცხოელს, ყველა მსურველს მისცეს უფლება, ჩამოვიდეს საქართველოში (ბუნებრივია, Covid - 19-თან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული დაცვით).

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება, აწარმოონ თავიანთი საქმიანობა არსებული რეკომენდაციების დაცვით. განცხადების თანახმად, სახელმწიფომ, თავის მხრივ, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი და დაუწესოს საგადასახადო შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მასშტაბით, მინიმუმ, სამი თვით მაინც.

„ევროპელი სოციალისტები“ საბანკო პოლიტიკასაც აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ საკრედიტო განაკვეთები საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი. პარტია აცხადებს, რომ ხელისუფლებას მართებს სერიოზული ცვლილებების გატარება საკანონმდებლო დონეზე.

„დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი. მით უმეტეს, არსებული ვითარების გათვალიწინებით, რაც გამოწვეულია მსოფლიო პანდემიიდან. მიგვაჩნია, რომ აუცილებელი და გარდაუვალია ცვლილებების გატარება საკანონმდებლო დონეზე, რაც საქართველოს მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოს იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტები. უნდა მოხდეს საბანკო განაკვეთების მაქსიმალური ლიბერალიზაცია და იგი უნდა ემყარებოდეს საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორთან ერთად უნდა გადახედოს ბანკების წლიური მოგების პროცენტულ ზღვარს.

„ბანკების მიერ მოზიდული სესხი და საკრედიტო რესურსები, გაცემული სესხები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო ნორმებს და მათი წლიური მოგება არ უნდა იყოს ზღვარს გადასული. მაგალითისთვის, თუ ბანკი კრედიტს იღებს 6%-ად, გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 7,4% -ს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დღეს არსებულ ვითარებას, რაც გამოწვეულია პანდემიით, მსგავსი ტიპის საშეღავათო პირობები ხელისუფლებამ და საბანკო სექტორმა მოსახლეობას უნდა შესთავაზოს, მინიმუმ, პანდემიის დასრულების პერიოდამდე“, - აღნიშნულია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტების“ ამჟამინდელი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით, ადგილმონაცვლის პრინციპით, მას შემდეგ მოხვდნენ, რაც პარტიის ლიდერებმა დეპუტატის მანდატებზე უარი თქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG