Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა წარმატება უსურვა ახალ ადმინისტრაციას, მაგრამ ბაიდენი კვლავ არ უხსენებია


აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 19 იანვარს გაკეთებულ თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში ყველას მოუწოდა ილოცონ ახალი ადმინისტრაციის წარმატებისათვის, მაგრამ როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის სახელით კვლავ არ უხსენებია არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

„ამ კვირაში გაიმართება ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია და ჩვენ ვლოცულობთ მისი წარმატებისთვის ამერიკის უსაფრთხოებისა და აყვავების უზრუნველყოფის საქმეში“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, დონალდ ტრამპმა ასევე დასძინა, რომ მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა ძალას იკრებს.

„ახლა, როდესაც მე ვემზადები, რომ ოთხშაბათს შუადღეს გადავცე ძალაუფლება ახალ ადმინისტრაციას, მინდა იცოდეთ, რომ მოძრაობა, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, მხოლოდ ახლა იწყება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 20 იანვარს დადებს ფიცს და შეუდგება საქმიანობას.
ღონისძიებები თბილისის დროით საღამოს 8 საათიდან დაიწყება. ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პოლიტიკოსები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში პირველად მიმართავს ქვეყანას. ღონისძიებაზე დაცული იქნება სოციალური დისტანცია. ცარიელი იქნება ეროვნული ხეივანი, სადაც ტრადიციულად ათიათასობით ადამიანი ესწრებოდა ინაუგურაციებს. ამერიკელები ამჯერად ღონისძიებას სახლებიდან მიადევნებენ თვალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG