Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთს ძებნილ პირებს ვერ გადასცემს


აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს“ უცხო ქვეყანას ვერ გადასცემს.

დე ფაქტო გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ დადგენილია „იაპონჩიკის“ სახელით ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ვიაჩესლავ ივანკოვის დაკვეთილი მკვლელობის შემსრულებელთა ვინაობა, ისინი ამჟამად აფხაზეთში იმყოფებიან, საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულია და მუშავდება რუსეთში მათი ექსტრადიციის საკითხი. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაცით, ეს პირები არიან რუსეთის და „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა.

აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის თანახმად, რუსეთის გენერალური პროკურატურისგან მიიღეს მიმართვა სამართლებრივი დახმარების შესახებ, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა, როგორც დე ფაქტო პროკურატურა აცხადებს, მიმართვა არ ითვალისწინებს პაპავას და ბუთბას დაკავებას და გადაცემას, რადგან „აფხაზეთის კონსტიტუციით და კანონმდებლობით“ აკრძალულია სისხლისსამართლებრივი დევნისთვის უცხო სახელმწიფოსთვის „აფხაზეთის მოქალაქეების“ გადაცემა. დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, „აფხაზეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით“ შესაძლებელია ამ პირებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ რუსეთის კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღებენ საქმის შესაბამის მასალებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ძებნილ ასტამურ ბუთბას და ნუგზარ პაპავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

„იაპონჩიკის“ სახელით ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ვიაჩესლავ ივანკოვი 2009 წელს, მოსკოვში მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა დაუკვეთა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ილია სიმონიამ, რომელსაც „კანონიერი ქურდის ტიტული“ წლების წინ ჩამოართვეს „კანონიერმა ქურდებმა“ ვიაჩესლავ ივანკოვმა და ასლან უსოიანმა. უსოიანი 2013 წელს მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG