Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტზე ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნეს


ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო პოლიტიკოს კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ორჯერ დაარბიეს სამართალდამცველებმა, რა დროსაც გაანადგურეს აქციის გასამართად საჭირო აპარატურა.

ამავე განცხადების თანახმად, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი რამდენიმე პირთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე მყოფმა სამართალდამცავებმა შეამჩნიეს კობა დავითაშვილი, მათი ხელმძღვანელი დაუკავშირდა ზურაბ ადეიშვილს, რომლისგანაც მიიღო დავალება კობა დავითაშვილისათვის თავისუფლების აღკვეთის და მისი საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის შესახებ.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში. განცხადებაში ნათქვამია, რომ „კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი კობა დავითაშვილი 2020 წლის 2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ე.წ. ბეხტერევის დაავადება 2017 წელს დაუდგინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG