Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა საინაუგურაციო სიტყვაში ამერიკის საზოგადოების გამთლიანების აუცილებლობაზე ილაპარაკა


ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის კიბეზე გამართულ საზეიმო ცერემონიაზე საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში თქვა, რომ ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტია და ყველასთვის აპირებს ბრძოლას და რომ დღევანდელი დღე დემოკრატიის ტრიუმფის დღეა.

„ხალხის ნება გაიგეს და ხალხის ნებას უსმინეს. ჩვენ კვლავ გავიგეთ, რომ დემოკრატია ძვირფასია და დემოკრატია ფაქიზია. ამ ჟამს, მეგობრებო, დემოკრატიამ იზეიმა. ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა,“ თქვა ბაიდენმა. „დღეს ჩვენ ვზეიმობთ ტრიუმფს არა კანიდატისა, არამედ საქმისა. დემოკრატიის საქმისა.“

თავის გამოსვლაში ბაიდენმა ილაპარაკა საზოგადოებაში დაპირისპირებისა და დანაწევრების გადალახვის აუცილებლობაზე. მან თქვა, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება და იბრძოლებს როგორც მხარდამჭერებისთვის, ისე იმათთვის, ვისაც მისთვის არ მიუცია ხმა.

თავის ოპტიმისტურ გამოსვლაში ბაიდენმა ჩამოთვალა აშშ-ის წინაშე მდგარი მრავალი პრობლემა, რომელსაც, მისი თქმით, ამერიკელები ერთობლივი ძალისხმევით გადალახავენ.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის სიტყვებით, ყველა ამერიკელის, განსაკუთრებით არჩეული ლიდერების მოვალეობაა „ჭეშმარიტების დაცვა და ტყუილის დამარცხება.“

„გმადლობ, ამერიკა!“ - ამ სიტყვებით დაასრულა საინაუგურაციო სიტყვა ჯო ბაიდენმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG