Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელი სენატორები ტრამპის იმპიჩმენტის განხილვის გადადებას ითხოვენ


დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ტოვებს. 2021 წლის 20 იანვარი.
დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ტოვებს. 2021 წლის 20 იანვარი.

რესპუბლიკელმა სენატორებმა დემოკრატებს მიმართეს, თებერვლის შუა რიცხვებამდე გადადონ კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატის მიერ დონალდ ტრამპისთვის გამოცხადებულ იმპიჩმენტზე.

სენატში რესბულიკელების ლიდერის, მიტჩ მაკკონელის არგუმენტია, რომ მხარეებს პროცედურისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო უნდა ჰქონდეთ. მაკკონელის მიერ დემოკრატების ლიდერისთვის, ჩარლზ შუმერისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, წარმომადგენელთა პალატამ ტრამპისთვის წარდგენილი ბრალდება სენატს 28 იანვრისთვის უნდა გადასცეს და ამის შემდეგ, ექს-პრეზიდენტს მიეცეს ორი კვირა დაცვის პოზიციის მოსამზადებლად. დემოკრატების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, 13 იანვარს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა ამბოხებისკენ წაქეზებაში და ხმათა უმრავლესობით იმპიჩმენტი გამოუცხადა. მხარდამჭერთა შორის იყო 10 რესპუბლიკელი კონგრესმენიც.

უნდობლობის გამოცხადებას წინ უძღოდა ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენები, როცა ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობებისას 5 ადამიანი დაიღუპა. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ მომხდარს ხელი შეუწყო დონალდ ტრამპის განცხადებებმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების და ხმების დაცვის აუცილებლობის შესახებ.

იმპიჩმენტის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს სენატმა, სადაც 50 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელი სენატორია. ტრამპისთვის უნდობლობის გამოცხადებას სჭირდება სულ მცირე 67 ხმა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყო. 2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს უნდობლობა გამოუცხადა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კონგრესის გამოძიებისთვის ხელისშეშლის ბრალდებით. საქმე ეხებოდა ვერსიას, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის ვაჟის ბიზნეს საქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა პრეზიდენტ ზელენსკისგან და წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გეგმავდა. პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა სენატმა, სადაც 2019 წელს უმრავლესობაში რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ამოეწურა. თუ სენატი უკვე ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაეთანხმება, ტრამპი ვეღარ ისარგებლებს აშშ-ის პრეზიდენტებისთვის მინიჭებული პრივილეგიებით და შესაძლოა, არჩევნებში კენჭისყრაც აეკრძალოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG